სახლი
კვდება ვიღაცა შუაღამით და კვდება სხვაგან. და ამ ღამეში რაც მან იცის, მხოლოდ ეს არის, რომ სხვაგან არის; ერთადერთი ნათელი აზრი შემორჩენია მის გონებას აქამდე და ამიტომაა ძლივსგასაგონად რომ ჩურჩულებს: „ჩემს სახლში მინდა“. და მან არ იცის, რომ ის სახლი უკვე სხვისია; კარგა ხანია, სხვისი არის. იმ ეზოში, მისი რომ ერქვა, დღისით სხვები მიმოდიან და აივანზეც, სადაც ერთ დროს ის ფენდა სარეცხს, სხვისი სარეცხი არის ხოლმე გამოფენილი. ახლაც, ამ ღამით, როცა უკვე სულს ეთხოვება, მის სახლში სხვები იძინებენ და იმ ოთახშიც, სადაც წლები გაატარა მეუღლის გვერდით (ბოლო დროს თავზე ამაოდ რომ დასტრიალებდა და ერთ დღეს სულაც ხელიდან რომ გამოეცალა), სხვები სუნთქავენ სხვა ფიქრით და სულ სხვა სიზმრებით. ჰო, კვდება იგი სიჩუმეში და კვდება სხვაგან _ მოხუცი ქალი, მარტოსული, თანაც შეშლილი, ვისაც უკვე არაფერი აღარ ახსოვდა უკანასკნელ ხანს და ეგონა, რომ სტუმრად იყო; სტუმრად იყო და სჯეროდა: ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა იმ კერაზე _ საკუთარ სახლში. საკუთარ სახლში... მაგრამ იქაც სტუმრები არ ვართ?.. სახლში ყოფნა ხომ მიმზიდველი ილუზიაა შინ ყოფნისა; ილუზია ასე ნამდვილი, იმთავითვე რომ ვიჯერებთ და ვებღაუჭებით მთელი არსებით _ სულ ბოლომდე, უკანასკნელ დაბრუნებამდე... და კვდება ვიღაც შუაღამით მარტო და სხვაგან. და ერთადერთი, რაც მან იცის, მხოლოდ ესაა, რომ სხვაგან არის; მხოლოდ ერთი სურვილი მოჰყვა საბრალოს დღემდე, ამ წუთამდე _ უკვე რომ მიდის და სიბნელეში რომ ჩურჩულებს: „ჩემს სახლში მინდა“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი