მახეები
თავიდან მე ჩიტი ვიყავი: მსუბუქი, უდარდელი, გულუბრყვილო... და ამ გულუბრყვილობის გამო გავები მათგან დაგებულ კაკანათში. თავი წამაწყვიტეს და ბუმბული გამაცალეს. მერე მე ვიყავი კვერნა - ეშმაკი და სამალავებიანი, მაგრამ ამაო აღმოჩნდა ჩემი მოქნილობა - მაინც მოვყევი დასხლეტილ ხაფანგში - დამიჭირეს და ტყავი გამაძრეს. ამის მერე ტახი ვიყავი - შლეგი და მოურიდებელი და ურცხვად ვედებოდი ტყესა და ღრეს. ერთხელაც მათ გათხრილ ორმოში ჩავვარდი - თავზე დამადგნენ და თოფები დამაცალეს. მერე კი სიავემ მძლია და მგლად გადავიქეცი და იქით ვაშინებდი მავანთ და მავანთ. მაინც გავები, თანაც - წინა ფეხით... ფეხი გადავიღრღენი, მაგრამ აქ - ჩემებმა სისხლის სუნი იკრეს და დამფლითეს... მე ახლა თეთრი პეპელა ვარ - არც დამალული და არც საშიში; მახე კი თურმე ჩემთვისაც ყოფილა და მოვხვდი ბავშვის პატარა, სამკუთხა ბადეში, და უკვე მის პატარა ხელებში ვცახცახებ. ვცახცახებ, მეშინია და მაინც მჯერა (რატომღაც მჯერა და ველოდები), რომ გაიშლებიან პატარა ხელები და მე გამიშვებენ ცისკენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი