ქალი სარკმელთან


მოსცილდი სარკმელს,
შემობრუნდი,
მიმოიხედე...

წამოკრიფე მკვდარი პეპლები
მაგიდიდან, იატაკიდან -
საფერფლეზე მოაგროვე, ერთხანს უყურე,
უყურე, ვიდრე გამოერკვევი.

მერე საფერფლე გაიტანე
და ჩაცალე ნაგვის ვედროში;
ვედრო, ცხადია, ნაგვის ბუნკერს მიემატება,
ბოლოს კი როცა გამოივლის ნაგვის მანქანა,
ყველაფერს თან გაიყოლებს -
ყველაფერს და იმ საღმოსაც.

...ისხედით ორნი მაგიდასთან,
სანთელი გენთოთ
და ერთმანეთს უღიმოდით.
თქვენ თვალები გიბრწყინავდათ,
ხოლო პეპლები,
თითქოს აზარტში შესულები,
დაგტრიალებდნენ
და ვერც კი გრძნობდნენ
ფრთები როგორ ეტრუსებოდათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი