სკამი
მე მაქვს ოთხი ფეხი. მაქვს, რა თქმა უნდა, დასაჯდომი. კიდევ _ საზურგე. და ასე მდგომი ოთახებში ჩემს ოთხსავ ფეხზე, მაგიდებთანაც, კედლებთანაც, საწოლებთანაც მე ვიცავ ჩემთვის მონიშნულ წესებს. მე არ მაქვს სული. მე ვერ დავრბივარ ჩემს ნებაზე ღამის ტყეებში; მე არა ვზივარ დაღვრემილი გისოსებს მიღმა; და არ ვაბივარ სახლების წინ მოჩრდილებულში. მე მაქვს ოთხი ფეხი, მაქვს, რა თქმა უნდა, დასაჯდომი, კიდევ _ საზურგე. და ასე მდგომი ოთახებში ჩემს ოთხსავ ფეხზე, მაგიდებთანაც, კედლებთანაც, საწოლებთანაც მე ვიცავ ჩემთვის მონიშნულ წესებს. მე მასხდებიან, მეყრდნობიან, მახმაურებენ და რაკი თვითონ მე არ ძალმიძს ხმის ამოღება, უსიტყვოდ ვიტან მათ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. მე არ მაქვს სული. მე არ მიცემს გული მათსავით. არ შემიძლია მიხაროდეს ანდა მტკიოდეს, და მოვალე ვარ, შეჩვეული დუმილით ვთვალო ჩემი სიცოცხლის უღიმღამოდ მშვიდი წუთები... ისე, დროდადრო კი მოდიან ჩემთან სხვაგვარად: რბილი ხავერდით ეხებიან ჩემს დაღლილ სხეულს, მეფერებიან, მაგრამ თურმე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განიერ საჯდომებს და განიერ ზურგებს არ ავაყოლო უცაბედად მტვრის ბაცი რუკა... მე მაქვს ოთხი ფეხი. მაქვს, რა თქმა უნდა, დასაჯდომი. კიდევ _ საზურგე. და ასე მდგომი ოთახებში ჩემს ოთხსავ ფეხზე, მაგიდებთანაც, კედლებთანაც, საწოლებთანაც მე ვიცავ ჩემთვის მონიშნულ წესებს. მე არ მაქვს სული. მე მყავს ერთადერთი მეგობარი ქვეყანაზე _ პირქვე დამხობილი წიგნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი