ღია კარი და დახურული კარი
1. ღია კარი სტუმართმოყვარე ქალაქია, თუ სახლი კეთილი, სულერთია–ორივეს კარი უნდა ებას და ეს კარი კიდეც უნდა იხურებოდეს... დახურე გული, დაასვენე და დაალაგე– ამდენი ხნის აწეწილია. დახურე გული. ეს ამდენი მომსვლელ–წამსვლელი, ეს ამდენი რია–რია და გადარევა, ეს ამდენი ჭუჭყი, ნაგავი... და რამდენი ძვირფასი ვინმე გავიდა და აღარ დაბრუნდა. და რამდენი ძვირფასი რამე გაიტანეს და აღარ დააბრუნეს. მათ ნაცვლად კი აქ ვინ აღარ შემოეხეტა, ვინ იცის, რა არ შემოგითრიეს– გადაავსეს და დაამძიმეს. დახურე გული, დაალაგე და დაასვენე. გასატანი გაიტანე და რაც დარჩება, მიუჩინე თავისი ადგილი. დახურე გული– ჭიშკარიც ხომ იკეტება, მიცვალებულს რომ გაასვენებენ. დაასვენე და უდარაჯე მის დახურულ კარს–დაუკითხავად არც არავინ შემოუშვა და არც რამე გაიკარო არასასურველი. ...... დახურე გული? დაალაგე?–მიმოიხედე, მიმოიხედე და დაინახე–ისევ ღიაა! ყოველმხრივ ღიაა, თითქოს კარი არცა ჰქონოდეს!.. ღიაა გული და ყოველმხრივ გახსნილია. და არაფერი არ აკავებს მომსვლელს თუ წამსვლელს. 2. დახურული კარი „...ჯავრი შავაბი კარადა.“ ხალხური რა ხანია, ამ კართან ვგდივარ. ვგდივარ არაქათგამოცლილი, სასომიხდილი, ვგდივარ ჩემივე სისხლითა და ცრემლით მოსვრილი და იმ დროს ვიხსენებ აქეთ რომ მოვდიოდი, რომ მოვიჩქაროდი და ამ კარს პირველად შუბლით რომ შევასკდი. სად მივდიოდი? მაინც საით მიმიჩქაროდა? გასვლა მინდოდა საიდანმე, თუ სადმე უნდა შევსულიყავი? არ მახსოვს და, მგონი, მაშინ არც მიფიქრია. არ მიფიქრია, რა მინდოდა, ოღონდ ეს კარი უნდა გამევლო!.. იმდროინდელ შეცბუნებას ახლა ვიხსენებ. ვიხსენებ ჩემს სიბრაზესაც: –რას ჰქვია, არ იღები!–მეთქი... მერე ხომ სულ სიგიჟე იყო: ვეჯაჯგურე, წიხლებიც ვურტყი, თავიც უკვე ჯიქურ ვახალე. სიგიჟე იყო– მხოლოდ ჩემი თავი დავშალე: ოფლი ვღვარე, ძვალი ვიმტვრიე და საკუთარ სისხლში და ცრემლში ჩავიკრიფე, ჩავდნი, ჩავჩუმდი... რა ხანია, ამ კართან ვგდივარ. ვგდივარ არაქათგამოცლილი, სასომიხდილი და გაჭირვებით თუ ავახელ თვალს, და თუ ავხედავ, ისევ ეს კარია– უძრავი, შეუვალი!.. რა ხანია, ამ კართან ვგდივარ მე, ვინც ისიც არ ვიცოდი, სად მივდიოდი; გასვლა მსურდა, თუ სადმე შეღწევა, მაგრამ ეს კარი უნდა გამევლო. რა ხანია, ამ კართან ვგდივარ. კიდევ რა დრო უნდა გავიდეს, რომ აქ ვინმემ გამოიაროს, თანაგრძნობით დამხედოს და წყნარი ხმით მითხრას: „დააკაკუნეთ და გაგიღებენ“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი