შებრუნებული ძილის სიზმარი


I
შებრუნებული ძილის სიზმარო,
სადღაც დილისკენ,
განთიადისკენ რომ მოდიხარ და მეჩვენები;
ასე ძალიან სხვანაირი რომ ხარ და ანგრევ
აშენებულს მანამდელი სიზმრებისაგან
და ქვას ქვაზე აღარ ტოვებ იმისაგან, რაც თითქოს იყო,
რაც ლამის ცხადად მომაჩვენეს პირველსიზმრებმა,
იქნებ სწორედ შენ
შენ მეუბნები:
რაც გადამხდა, რაც მჭირს და რაც მართლა ჩემია?..

უშფოთველი ძილით მეძინა
და უშფოთველ სიზმრებს ვხედავდი;
მშვიდად ვსუნთქავდი,
გულიც ასე – მშვიდად მიცემდა…

გამეღვიძა. ჯერ ღამე იყო.
მხოლოდ ფიქრი შემეძლო ბნელში
და მე ვფიქრობდი…
რას ვფიქრობდი?
რატომ ვფიქრობდი? – რაც იყო, იყო, –
მეგონა, რომ სწორად ვფიქრობდი,
მეგონა, სწორად ვაგრძელებდი სიტყვებს და ამბებს
ნაკარნახებს სიზმრებისაგან.

ვფიქრობდი და მერე ისევ ძილმა წამიღო,
ანუ ძილი შემომიბრუნდა.


II
სიზმრის სახილველი თვალები ხომ
ძილის დროს გვეძლევა…

სიზმრის დრო სხვაა,
სხვაა სივრცეც.
სხვანაირია მისი ყველა განზომილება –
მისი სპექტრი,  პარამეტრები…

ცხადის წუთი ფეთქდება ძილში,
ფეთქდება უხმოდ
და სიზმრებიან გალაქტიკად გაიტყორცნება;
გაიშლება სივრცეებად, ლანდშაფტებად
და შავ-თეთრ თუ ფერად კადრებად.

სიზმრის დრო სხვაა,
სხვაა სივრცეც
და თვითონ შენც
ერთ ღამეში არაერთი ხარ.


III
შებრუნებული ძილის სიზმარო,
სულ სხვანაირად,
სხვანაირად მეუბნები მომხდარს, ნასიზმრებს;
სულ სხვა რამეს მეუბნები ჩემი თავისას
და სხვანაირ სარკეს მიდგამ თვალწინ, მახედებ…
და მე შემკრთალს მეღვიძება,
გულს ვუსმენ და ნამდვილად ვტირი.

ორი ფერი ავსებს ბოლო კადრს –
თეთრი და მწვანე
და ორივე ფერი მოძრაობს  და მიედინება:
თეთრი კედლები
და თეთრით მოსილი ადამიანები;
და მწვანე ფარდები,
ოთახის კარზე დაშვებული ორ და ტოლ ტალღად.

ვიღაც მიღიმის,
მე კი ვდგავარ შეცბუნებული,
შევყურებ და მინდა, ვკითხო (ვერ ვეკითხები)
და მხოლოდ ვფიქრობ:

„- ჩემო პირველკლასელო მეგობარო,
რა იქნა შენი თეთრბაბთიანი ნაწნავები?
ვინ შეგაჭრა?
რატომ შეგაჭრა?
ნუთუ არ გეტკინა
თმები?…“


IV
სიზმრის დრო სხვაა,
სხვაა სივრცეც –
სხვანაირია მისი ყველა განზომილება.
და, როდესაც ბრუნდება ცხადი,
ეს დრო, ეს სივრცე
ერთი ხელის მოსმით გროვდება,
შეისრუტება
და ეტევა სულ ერთ წვეთ ცრემლში.
ერთ წვეთ ცრემლში,
გამოღვიძებულს ლოყაზე რომ გიგორდება
და გულმობჯენილ ყელისაკენ მიიკვლევს ბილიკს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი