ქოხი
ქოხში შევასწარით წვიმას... მანამდე ერთად დავდიოდით ტყის ბილიკებით; ვუყურებდით, ვუსმენდით და ერთად ვხარობდით: ვუყურებდით ხეებს და ყვავილებს; ვუსმენდით ჩიტების ხმას და ფოთლების შრიალს; გვიხაროდა ბევრი ჰაერი, კამკამა წყალი და ერთმანეთი... ქოხში შევასწარით წვიმას, რომელიც ფეხდაფეხ მოგვყვა და კიდევაც დაგვასველა, მაგრამ ქოხის კართან დარჩა და შინ აღარ შემოგვყოლია, შინ, სადაც უკვე ქოხის კედლებს აწყდებოდა ჩვენი სიცილი. მერე ჩვენ ერთი პირსახოცით ვუმშრალებდით ერთმანეთს თმას, თვალებს - სახეებს... წვიმა კი გრძელდებოდა და ხმაურობდა ქოხის სახურავზე, და ქოხის კართან ატყაპუნებდა. მერე ბინდდებოდა და მაინც კარგად ვხედავდით ერთმანეთს. ბოლოს სულაც ბნელოდა, მაგრამ ანათებდნენ შენი მხრები, ძუძუები და თეძოები; გრილოდა, მაგრამ თბილი იყო შენი მკლავები და მხურვალე იყო შენი ბაგეები; და რბილი და ვრცელი იყო ქოხში ფიცრებისგან შეკრული ვიწრო საწოლი... თანდათან მიწყდა წვიმის ხმაური - გაგვერიდა წვიმა და წავიდა. და ჩვენ სიჩუმეში ვუსმენდით ერთმანეთის სუნთქვას და ვგრძნობდით ერთმანეთის გულისცემას. და მერე ნელ-ნელა განათდა - იმ ქოხის პატარა სარკმლიდან მთვარემ დაგვხედა და ჩურჩულით ესეც გაგვანდო: ამაზე კარგი და მნიშვნელოვანი ქვეყანაზე არც რამე ხდებაო... გვეღვიძება სხვადასხვა ქალაქში, ერთმანეთისგან ასობით კილომეტრით დაშორებულ ორ სხვადასხვა ქალაქში. გვეღვიძება ერთდროულად, თუმცა - ცალ-ცალკე: უხალისოდ ვახელთ თვალს, უხალისოდ ვწევთ თავს ბალიშიდან, უხალისოდ ვდგებით საწოლიდან და ვიცვამთ ტანსაცმელს. ერთდროულად, თუმცა ცალ-ცალკე ვაღებთ სარკმელს სხვადასხვა ქალაქში - ორივეგან მზიანი დღეა!.. ვიყურებით გარეთ - სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა სურათს ორ, ერთმანეთისგან ასობით კილომეტრით დაშორებულ ქალაქში; სხვადასხვა რამეებს ვხედავთ, თუმცა ერთსა და იმავეს ვფიქრობთ, ერთსა და იმავეს განვიცდით და ერთსა და იმავეს ვიხსენებთ: ქოხში შევასწარით წვიმას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი