ჩრდილად ქცეული ფიქრები


ნეტავ რა არის მიზანი ჩემი?
რა დავაშავე ნეტავ ამ ქვეყნად?
თავი რად ვიტანჯე, ნატანჯანები,
სიბნელის განვლილს მრავალ ფენებად?!

ნუთუ არ მქონდა სიცოცხლის განცდის,
ან სიყვარულის გრძნობის უფლება?!
ნუთუ ცხოვრებას არავინ მასცდის,
შეზღუდული მაქვს, ისეც მელევა!

დიდხანს ვეძიე ჩემი ადგილი,
ვერას მოვერგე და ვერც მოვირგე,
და ის ცხოვრების მცირე წერტილი,
თურმე, ის, გულში მე ვერ მივიღე…

ჩემს გვერდით იყო, დიდხანს ინათა,
და ეს თურმე ვერ შემიმჩნევია,
მისი მშვენება, ვარდივით გული,
მცირე სიტყვებით დამინგრევია…

როცა, წაქცეულს ზურგს მიმაგრებდა,
როცა, ჩემს ირგვლივ ბინდი წვებოდა,
მძიმე დარდისგან დაღლილს, დაქანცულს,
მისი სიტყვები გულს მედებოდა…

და ის დრო, როცა ვარსკვლავს ვხედავდი
მე დარდად მექცა ეგ ყველაფერი!
მოგონებებიღა დამრჩა მხოლოდ,
ჩრდილად ქცეული ყოველი ფერი…

ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი,
ვეღარ ვაწვდენდი ხმას ცის კიდეებს,
უბრალოდ მორჩა… ის დრო წავიდა,
რომელიც ახლა მე აღარ მეძებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი