გზა


მალე ახალი წელი დადგება!-გაიფიქრა და სახლში წასასვლელად მოემზადა.
ამდენი წლის შემდეგ პირველად ღელავდა ბავშური მღელვარებით ძველი წლის გაცილებისას,მიუხედავად იმისა,რომ ახლა ბევრად უფრო რთულად იყო ყველაფერი ვიდრე ოდესმე,მაგრამ გრძნობდა რაღაც ახალს და ამოუხსნელს,ეს სიხარულს ჰგავდა.მან მაშინ არ იცოდა რას ნიშნავდა უმიზეზო სიხარული გულში,რომელიც სულამდე აღწევს,ისე გავსებს და გაფორიაქებს,რომ ხანდახან ადგილსაც ვეღარ ჰპოულობ.
ყველაფერი დასასრულით დაიწყო...
როცა ერთ დღეს მიხვდა,რომ ზოგჯერ ადამიანის მიერ არჩეული გზა მოულოდნელად წყდება და იძულებული ხდები შეჩერდე,რჩები სიცარილელეში,შენს წინ იღმართება დიდი ბეტონის კედელი,გინდა იყვირო,ხმა მიაწვდინო კედელს იქით მყოფს,მაგრამ შენდა გასაკვირად ჩუმდები და სიმშვიდეც კი გეუფლება,რადგან იხსენებ,რომ შენ უკვე რამდენჯერმე გაანგრიე ასეთი კედელი შიშველი ხელებით და საბოლოოდ სული ჩამოგენგრა.
მასაც ასე დაემართა,როცა ერთ დღეს მოულოდნელი წერილი მიიღო,წერილი მძიმე იყო,მაგრამ რატომღაც სიმსუბუქე იგრძნო.
წერილისთვის პასუხი აღარ გაუცია,
დატოვა გზაზე აღმართული კედელივით და სხვა გზით წავიდა,იმ გზით რომლის არსებობასაც ადრე ვერ ამჩნევდა.
გულის ტკივილს ვერ გრძნობდა,რადგან  იწყებოდა ჩამონგრეული სულის ამოშენება,ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს უფალს ეკიდა მისთვის ხელი,ის კი პატარა გოგონასავით ხტუნვა-ხტუნვით და სიმღერით მიჰყვებოდა.
ეს წლის დასასრულს მოხდა და ამიტომ იყო მისი ახალი წელი ასე უჩვეულოდ მღელვარე.
სამსახურიდან გავიდა,კარი ჩაკეტა და ტკბილეულის საყიდლად გაეშურა,სახლში მარტო იყო,მაგრამ არ ჰქონდა მოწყენის უფლება.
ნაძვის ხე!-გაახსენდა მოულოდნელად, დაბრუნდა სამსახურში და თაროზე შემოდგმული ნაძვის ხე წამოიღო.
მიდიოდა ფერად-ფერადი სათამაშოებით მორთული  ხით ქუჩაში და ფიქრობდა:
-თურმე რა ახლოსაა ბედნიერება ადამიანთან,თურმე საკუთარ გულშია, ჩვენ კი კარდაკარ,კუთხე-კუთხე წლიდან წლამდე,საუკუნიდან საუკუნემდე უშედეგოდ ვეძებთ ხშირად.
ერთ ლამაზ შობის ღამეს როცა ლილიანმა თავისი ადამიანი იპოვა მან უთხრა:
,,-უფალმა ნახა,რომ შენ ყველაფერი გააკეთე მრავალჯერ დაცემის შემდეგ კიდევ ერთხელ ღირსეულად ფეხზე წამოსადგომად,მაგრამ ვეღარ შეძელი,ძალ-ღონე აღარ გეყო და გულში თქვი:
-ახლა რაღა ვქნა უფალო?!
ასეთ უხმო ძახილს დიდი ხმა აქვს,იმაზე დიდი,ვიდრე ცივი კედლის მიღმა მთელი ხმით ყვირილს.
და მოვიდა უფალი,სითბომ დაგიარა სხეულში,ძალა მოგეცა და წამოდექი,შენი ამოუხსნელი სიხარულიც გულში უფლის პოვნას მოასწავლებდა."
ახალი ცხოვრების დაწყება ყოველთვის რთულია,მაგრამ ზოგჯერ აუცილებელი.ხანდახან გვგონია,რომ ამჯერად თავიდან ვეღარ დავიწყებთ,რომ ეს იყო ბოლო,მაგრამ თუ მოვითმენთ ვნახავთ,რომ ეს ცხოვრებისეული ქაოსი სიმშვიდისკენ მიექანება,ჭეშმარიტი სიმშვიდე კი მხოლოდ ერთხელ მოდის წუთისოფელში და არავინ არ უნდა დანებდეს მის მოპოვებამდე.
ლილიანს უყვარს მისი ახალი ცხოვრება,მას სჯერა რომ გზა რომლითაც იარა ამად ღირდა.
ძველი სურვილებიდან მხოლოდ ფორთოხლის ბაღის გაშენება შემოიტოვა,თუმცა იცის,რომ ფორთოხალი ყველგან არ ხარობს,გააჩნია მისი გზა რომელ მიწაზე მიიყვანს.

თეონა კიკვაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი