კოკოლა
შემოდგომის ქარი ქრის ნისლი მიაქვს ქარს... მამავ შენს გზას მაგონებს შენს შორეულ გზას! გზას შორეთში მიმავალს სევდიანს და წყნარს... შენი წასვლა მამიკო მწარე სიზმარს გავს! ჩვენზე ნუღარ იდარდებ დედა ხომ მანდ გყავს. შემოდგომის ქარი ქრის ნისლი მიაქვს ქარს... მამავ! შენს გზას მაგონებს სევდიანს და წყნარს... საღამოა! სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა, არ ვიცი რა ხდება და არც მაინტერესებს იმიტომ რომ ჩემს პატარა ძმასთან ერთად ვთამაშობ. არც ის მესმის რისთვის მოვიდნენ ეს თეთრხალათიანი ადამიანები და ვერც იმას ვხვდები მამას ასეთი შეშლილი სახე რისთვის აქვს. მან პირველად მითხრა თამაშზე უარი და ეს ძალიან არ მომეწონა, გავუბრაზდი...ის ხომ არასოდეს ეუბნება მის კუდრაჭა გოგოს უარს, მითუმეტეს თამაშზე... -სასწრაფოდ ბავშვებს ჩააცვი დედა და შენთან წაიყვანე- დედაჩემი აკანკალებული ხმით ეუბნება ბებიას. ამ ამბავმა ძალიან გამახარა, არ მიყვარდა ბინაში ყოფნა, ბებიასგან და ბაბუასგან მოშორებით. -____________________________________________________________________________ რამდენიმე დღის შემდეგ დედამ ახალი ტანსაცმელი ჩაგვაცვა, წასასვლელად გაგვამზადა. -სად მივდივართ? -მამასთან საავადმყოფოში არ ვიცოდი რა მინდოდა საავადმყოფოში, ან მამა იქ რატომ უნდა მენახა. მესამე სართულზე, ერთი პატარა დერეფნის ბოლოს პატარა დიდ ფანჯრებიან ოთახში რომლის კედლები უცნაურად თეთრი ფერის იყო, მამა თეთრ ზეწარგადაფარებულ ლოგინზე იწვა, პირველი რაც თვალში მომხვდა პატარა ბოთლი იყო რომელიც ლოგინის კიდეში ჩამოეკიდებინათ, ასევე გაურკვეველი ,,მილი’’ ... ვერ გამეგო მამა ასე უხასიათოდ რატომ შეგხვდა მე და ჩემს ძმას, გივის... რა თქმა უნდა ჩვენ თამაში და სირბილი დავიწყეთ. მანამდე ავადმყოფი ადამიანი არასოდეს მენახა, არც საავადმყოფოში გვყოლია ვინმე, რომ ამ შენობის დანიშნულება მცოდნობა, შენობის რომლის დანახვაზეც დღემდე ის საშინლად თეთრი კედლები მახსენდება. -მარგო, ბავშვები წაიყვანე-ძლივს ამოილუღლუღა მამაჩემმა. გამიკვირდა და მეწყინა მსგავსი რამ ადრე არსოდეს გამიგია მისგან. -მამა ავადაა და უნდა დაისვენოს, მალე გამოვა საავადმყოფოდან და მერე ერთად ითამაშებთ, მითხრა დედამ მალე... ერთად... რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება... ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- დაახლოებით საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, შუადღის ძილიდან ახალგამოღვიძებულმა ჩემი ძმა გავაღვიძე. თამაში დავიწყეთ, რატომღაც ჩვენს ხმაურზე ოთახში არავინ შემოვიდა, ჩვენ უფროდაუფრო ვუმატებდით ხმაურს, ლოგინებზე ვხტუნავდით იმ იმედით, რომ ვინმე შემოვიდოდა და გვეტყოდა ,,გაიღვიძეთ პატარებო?’’ მაგრამ მალევე მივხვდით, რომ სახლში მარტოები ვიყავით. შემეშინდა ადრე მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, სახლში ყოველთვის ვიღაც იყო, ეხლა კი ჩემს პატარა ძმასთან ერთად, რომელიც წინადადებებსაც კი ვერ ამბობდა- მარტო ვიყავი. ვეცადე უფროსი მზრუნველი დის როლი მომერგო და მისთვის მიმეხედა... ტანსაცმლის ჩაცმა დავუწყე. ამ დროს მეზობელმა გოგომ გამოგვიარა, ჩაგვაცვა და ნათლიასთან გადაგვიყვანა, ისე რომ ხმა არ ამოუღია... მე, გივი, ჩემი ნათლიაშვილი ინგა და ბიძაშვილი გიგა მთელი საღამო ვთამაშობდით ნათლიაჩემის სახლში. რომ იტყვიან, მთელი სახლი თავდაყირა დავაყენეთ... საღამო იყო, ბნელოდა როცა საშინელმა კივილმა მოიცვა იქაურობა... კივილი ჩვენი სახლიდან მოდიოდა...გარეთ გავვარდით ...სახლში მინდოდა გადასვლა - ნუ გეშინია, მამაშენი გამოკეთდა და სახლში მოიყვანეს. უკვე კარგადაა -მითხრა ნათლიამ - თუ კარგადაა რატომ ტირიხარ?- ვკითხე მე - იმიტომ რომ მიხარია რომ გამოკეთდა-ძლივს ამოილუღლუღა ნათლიამ და გარეთ გავიდა, ჩვენი თავი მის შვილს, ინგას ჩააბარა. დავიჯერე! იმიტომ რომ აქამდე კივილი არავისგან გამეგო, არც ის ვიცოდი რატომ შეიძლებოდა ეკივლათ და არც სიტყვა სიკვდილის გამეგებოდა რამე. გვიანი ღამე იყო, ჩვენ მაინც არ გვეძინა, ვთამაშობდით როცა ნათლიას სახლის კარებზე გურამიმ დააკაკუნა -ნანა ბავშვებს წავიყვან, ეს დღეები ჩემთან მეყოლება ქობულეთში. გურამის სახე არასოდეს დამავიწყდება... არაამქვეყნიური, ფერდაკარგული სახით, საშინლად მოწყენილი იდგა კარებში. მანქანაში ჩაგვისვა სამივე ბავშვი და ქობულეთში წაგვიყვანა. 2 დღის განმავლობაში არც უჭამია, არც წყალი დაულევია, ლოჯში მდგარ დივანზე იწვა და შიგადაშიგ ცრემლებს იწმენდდა. გურამი ასეთი არასოდეს მენახა...უხასიათოდ -გურამი ბიძია, რატომ ხარ მოწყენილი? ჭამე რა რამე!- არ ვეშვებოდი! -თიკო, რაღაც უნდა გითხრა!- მამაშენი მოკვდა!-ძლივს ამოილუღლუღა და ხმა ცრემლებისგან ჩაუწყდა -მოკვდა? რას ნიშნავს მოკვდა? ლარისამ, ბიცოლაჩემის დამ ფანჯარასთან მიმიყვანა და ცდილობდა რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ და ფრთხილად აეხსნა, თუ რას ნიშნავდა სიტყვა- სიკვდილი. -მამაშენი ცაში გაფრინდა! -რატომ გაფრინდა? მამას რომ ფრენა არ შეუძლია? -ვკითხე მე -ანგელოზებმა წაიყვანეს ღმერთთან. -მერე როდის გამოუშვებენ ჩემთან? -არასოდეს! ის სულ ცაში იქნება და იქედან გიყურებს! სიტყვამ ,,არასოდესმა’’ მახსოვს როგორ შემაშინა...ფანჯარასთან მივედი და ცაში დავუწყე ყურება ღრუბლებს, მინდოდა, როგორმე იქ მყოფი მამა დამენახა... არ მინდოდა ღრუბლებში ყოფილიყო ღმერთთან, მინდოდა ჩემთან დარჩენილიყო და ისევ გვეთამაშა ცხენობანა, დამალობანა, ისევ წაეკითხა წიგნები ძილის წინ, ისევ მომფერებოდა და ეთქვა, ,,ჩემო კუდრაჭა გოგო’’... -ლარისა დეიდა, ზღაპრებსაც აღარ წამიკითხავს? -ვერა ვერ წაგიკითხავს! -რომ მომენატრება რა უნდა ვქნა? -მის საფლავზე მიხვალ და დაელაპარაკები, ის შენს საუბარს გაიგებს, უბრალოდ თვითონ ვეღარ დაგელაპარაკება.. -მე ესე არ მინდა, მინდა რომ ისიც მელაპარაკებოდეს...რატომ გაფრინდა ცაში, აღარ ვუყვარვარ? აქ უკვე პასუხი არავინ გამცა, ყველა ოთახიდან გავიდა... მე ფანჯარასთან ვიჯექი და ცაში ვიყურებოდი, აღარ მინდოდა ჩემ ძმასთან და გიგასთან თამაში... რაღაც უცნაური ტკივილი ვიგრძენი, პირველად და ეს ტკივილი უკვე 28 წელია თან მომყვება... გათენდა, ჩაგვაცვეს და წყალტუბოში წაგვიყვანეს. ეზოში რომ შევედით უამრავ ხალხი ირეოდა, ყველა ცრემლებს იწმედდა, მე და ჩემ ძმას გვიყურებდნენ...ზოგი მოდიოდა და გვეფერებოდა, ზოგიც მოსვლას ვერ ბედავდა... კიბეები ავიარეთ, საშინელი ხმა გამოდიოდა ჩვენი მისაღები ოთახიდან, ხმა რომელიც არასოდეს აქამდე ასეთი საშინელი არ მომჩვენებია... ეს ბებიას ტირილის ხმა იყო. მე და გივი მისაღები ოთახის კარებთან გავშეშდით. სუნთქვა შემეკრა. მამა იწვა ყვავილებში ჩაფლული...ნაცრისფერი...გაქვავებული... ჩვენსკენ არ გამოუხედავს, არც განძრეულა...ოთხივე კედელზე მისი უზარმაზარი სურათი ეკიდა, ზოგ სურათში იდგა, ზოგში იჯდა... ყველა ძალიან დიდი და შემზარავი იყო... -მოდით ბებო, მოდით- ამოიხავლა ბებიამ. ირგვლივ შავებში ჩაცმული ქალები იჯდნენ, შავი თავსაფრებით... დედა ძლივს ვიცანი, დაბერებული და ღონემიხდილი იჯდა მამაჩემის თავთან. ის ისეთი ლამაზი დავტოვე რამდენიმე დღის წინ, ეხლა კი შემაშინა მისმა სიშავემ...ჩვენი გამოჩენისას საჩინელი კივილ-წივილი ატყდა ოთახში. ზურგიდან ვიღამაც ნელნელა მამაჩემის ცხედრისკენ წამიყვანა...არ მინდოდა მისვლა...ის მამაჩემი არ იყო, იქ ვიღაც სხვა იწვა, შავი და გაყინული. ვერ გამეგო ამდენი ყვავილი რატომ იყოს მის ირგვლივ, ან ამდენი ქალი შევებში ჩაცმული რატომ ტიროდა ასე ხმამაღლა, თან რაღაცეებს რატომ ლაპარაკობდნენ ტირილით? ვერც იმას ვხვდებოდი ყვავილებს და ტირილს ერთმანეთთან ერთ ოთახში რა აკავშირებდათ?! -მალევე გამოვედი იმ ოთახიდან და ისევ ცაში დავიწყე ყურება, მინდოდა რომ მამა მოსულიყო და მეც წავეყვანე... მეშინოდა... მითხრეს ის მამაშენია, რომ წევსო მაგრამ მამას არ გავდა... მამა უფრო ლამაზი იყო და ჩემი დანახვისას ასე გაუნძრევლად არ იწვებოდა... ის ვიღაც სხვა კაცია და აქ რა ხდება თვითონაც არ იციან... მზიანი დღე იყო... სექტემბერი იწურებოდა... თბილოდა... ეზოში ჩოჩქოლი ატყდა, ხალხმა ტირილს მოუმატა, ნელნელა ზევიდან ყვავილების ჩამოტანა დაიწყეს კაცებმა, მე კიბესთან ვიდექი და მტკიოდა რაღაც შიგნით, მეშინოდა და მინდოდა რომ ყველაფერი უცებ გამქრალიყო, ღმერთს მამა ისევ გამოეშვა ღრუბლებიდან რომ შემწყდარიყო ეს კივილი და ოხვრა. ამ დროს შავებიანმა ქალებმა დაიწყეს ჩამოსვლა...ნათლიამ ჩემი ძმა ხელში აიყვანა, მამაშენი ჩამოყავთ და შეხედეო... მამა ხელში აყვანილი ხის რაღაცაში ჩაწოლილი ჩამოყავდათ კიბეზე... ამ დროს ჩემი ძმის ღრიალმა შეაჩერა ტირილის ხმა -არ ჩამოხვიდე მამიკო! ეს იყო მისი პირველი წინადადება, რომელიც მან თქვა... მამა ისე წავიდა ამ ქვეყნიდან გივისგან წინადადება არასოდეს გაუგია... თუმცა ეხლა მას აღარ ესმოდა... როგორც ჩვენთანაა მიღებული, მიცვალებული ეზოში დაასვენეს, უამრავი ადამიანი იყო, ამდენი ადრე არასოდეს მინახავს. ნათლიამ ხელი მომკიდა, ბრბო ხელით გაწი-გამოწია და მამაჩემის ცხედართად დამაყენა... -კარგად დააკვირდი და მამაშენი არასოდეს დაგავიწყდება-მითხრა ნათლიამ. მამას ნაცრისფერი ედო, შემეშინდა და ვინატრე, რომ ის ცაში ყოფილიყო და არა იქ სადაც იწვა, გაუნძრევლად, გაშეშებული, თვალებდახუჭული... ის მამაჩემს არ ჰგავდა, ის ისეთი მხიარული იყო, სულ იცინოდა, სულ მეთამაშებოდა... ეხლა რა დაემართა? რატომ არ მელაპარაკება? აკი ცაში გაფრინდაო? აბა აქ ვინ წევს? ვიღაც ნამდვილად- მაგრამ არა მამაჩემი. მერე კივილის ხმამ იმატა და მე არარაფერი მახსოვს... იმის მერე წყდება ჩემს მეხსიერებაში კადრები, რომელიც მას უკავშიდება... მხოლოდ მისი ნაცრისფერი სახე რჩება... მართლაც რომ სამუდამოდ -საფლავიდან დაბრუნებული ხალხის ნაკადი ნელნელა მაგიდას მიუსხდა. დედამ გვერდით მომისვა -რამე ჭამე თიკო!- ძლივს ამოილუღლუღა დედამ. -შენ რატომ არ ჭამ- ვკითხე დედას, რომელიც ისე დაბერებულა ამ რამდენიმე დღეში. სულ შავები ეცვა, შავი თავსაფარი, შავი ტანსაცმელი... - დედა შენ რატომ არ ჭამ? -გავუმეორე შეკითხვა დედამ არაფერი მიპასუხა, ცრემლები მოიწმინდა და წავიდა. მამუკა ბიძიამ მანქანაში ჩაგვისვა -სად მივდივართ? ვკითხე მე -მამაშენის საფლავზე- მიპასუხა ცოტა ხნის შემდეგ. -სად?- ვერ გავიგე რა იყო მამაჩემის საფლავი, რა ვიცოდი ხუთი წლის ბავშვმა თუ ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ამავდროულად საშიშ ადგილად იქცეოდა. მივედით! მანამდე საფლავზე არასოდეს ვყოფილვარ. საშიში ადგილი იყო. უზარმაზარი ქვები, მასზე დახატული ადამიანები... შემეშინდა და მამუკა ბიძიას მივეკარი. ჩვენ საფლავების ლაბირინთებში ავიარეთ პატარა აღმართი და მივადექით შავი მარმარილოს ქვებით გაწყობილ ადგილს, სადაც ჩვენი მეზობელი მუშაობდა. ვერ გავიგე, არ მესმოდა ამ საშინელ ადგილას მამას რა უნდოდა? მისი არასოდეს შემშინებია, ამ ადგილის კი ძალიან მეშინოდა, წასვლა მინდოდა... -აი, მოვედით - მითხრა ბიძაჩემმა და საფლავთან დამაყენა. მამაჩემის სურათი უზარმაზარ შავ ქვაში იყო გამოხატული, მიწაზე შავი ქვების ნატეხებით ჯვარი იყო გამოსახული, პატარა ადგილი შავი ღობით შემოეღობათ. ყველაფერი შავი იყო, ყველაფერი უსულო და შემზარავი. არ ვიცოდი აქ მამას რა უნდოდა, ან ასეთ ადგილას როგორ ჩერდებოდა?! თან უკვე საკმაო ხანი იყო გასული, რაც არ მენახა და მენატრებოდა. ვერ გამეგო აქ რატომ მომიყვანეს ან მამა სად იყო ამ დროს? მამიკო სად არის?- ვკითხე მეზობელს -აი აქ- მითხრა მან და ქვებისგან შემოვლებული ადგილისკენ მიმითითა. -მამაშენი აწი სულ აქ იქნება თიკო- აქ დაგელოდება ხოლმე მითხრა მან და თავისი საქმიანობა გააგრძელა. ბიძაჩემს ავხედე, ის მამაჩემის სურათს მიშტერებოდა, თითქოს სურათიც მას უყურებდა. აღარ მინდოდა იქ გაჩერება. ბიძაჩემს სახლში წაყვანა ვთხოვე. მივდიოდი და ვხვდებოდი, რომ მამა მართლად იქ დავტოვე- მარტო, იმ ცივ და შიშის მომგვრელ ადგილას. ტკივილი ვიგრძენი, პირველად ვიგრძენი სულის ტკივილი, კივილი და მონატრების უსასრულობა. მთელი ღამე ვფიქრობდი, რა უნდოდა მამას იქ, ჩვენგან შორს... არც ცაში ღრუბლებთან და არც ღმერთთან... იქ იმ დახატულ ქვასთან და სასაფლაოზე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი