ხიდზე


ახლა, როდესაც ამ წერილს გიწერ,
ღამეა, ირგვლივ არავინ არის,
ვდგავარ ჩვენ ნაცნობ საოცარ ხიდზე
ნათლის ქვეშ ახალ ამოსულ მთვარის.

თითქოს ომიდან მე დაგიბრუნდი,
ისევ წრეში ვარ სახემღიმართა,
დაფრთხა და გაქრა ყველა ბინდბუნდი,
როცა ეს ხიდი აქ აღიმართა.

რაღაც დაკარგულს ვიბრუნებ უკან,
დიდი ხანია რასაც თვალები
არ შეხვედრიან და თითქოს რუკა
მე მაწვალებდა გაფერმკრთალებით.

შეხე, რამდენი სანთელი ჩაქრა!
ვინ გადაურჩა სულის ობლობას?
მე ახლობელი ბევრი მყავს, მაგრამ,
ეს უნდა მხოლოდ ჩვენს ახლობლობას?

სულში რა ხდება მხოლოდ შენ განდობ,
მე შენთან ვხარობ თავისუფლებით,
არ მოგერიდოს ერთი შენ მარტო
მიგლოვო, თუკი დავიღუპები.

ჯოჯოხეთში ვარ თუ ვერ გიგონებ
და უფრო ბნელში ბილიკებს მივსდევ,
და რადგან ვგზავნი შენკენ სტრიქონებს,
ეს იმას ნიშნავს, ახლოს ხარ ისევ.

არ დამემდურო, გიცქერენ სადაც
ღალატით, ღვარძლით, დაცინვით, შურით,
იქ გულგრილობა მშვიდი და სადა
მოგერეოდა შენც უნებური.

როდემდე უნდა ენთოს სანთელი?
როდემდე უნდა სტანჯონ ქარებმა?
როდემდე უნდა მან წინანდელი
გადაივიწყოს გულმწყურვალება?

მე ვერ ვიკავებ ვერასდროს ღიმილს,
როდესაც ვხედავ რა ფიქრით სდუმან,
რაც მოსვლას ითხოვს ათასი წვიმის,
შენ მას, ძვირფასო, მიხვდები უმალ.

თუ მიკავია მერნის სადავე,
თუ რამე ცეცხლი ჩემში ღვთიურობს,
ნეტავ, ვიცოდე შენთვის რადა ვარ
ასეთი უცხო, გზავ, მშობლიურო!

მე მახსოვს სითბო შენი თითების,
როცა ყველასთვის უცხო ვიყავი,
ძირს დაცვენილი მარგალიტები
და მოსროლილი სადღაც ნიღაბი.

ყველა თასს დავცლი მე წმინდად, გწამდეს!
ჩემი ტკივილიც მოიძევს საფლავს
და ყველაფერი დასასრულამდე
მივა, რაც ახლა მტანჯავს და მზაფრავს.

არაფერია, ჩემო ძვირფასო,
ბევრჯერ დაღვრილა ცრემლები ცხელი,
ბევრი წარწერა ვნახე კვირბაზე,
მაგრამ ჯერ კიდევ გული მაქვს მთელი.

და ახლა, როცა ამ წერილს გიწერ,
ვისმენ სიხარულს შორეულ ჭერის,
კვლავ ჩვენ საოცარ ამოვედ ხიდზე
და ქარს უხილავს ვატან ამ წერილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი