იყო პოეტი


იყო პოეტი, – რა გიხარია?
ეს დაწყევლაა, სხვა არაფერი,
აქ ყველაფერი მხოლოდ ქარია,
შენ ინსტრუმენტი ხარ ჩასაბერი.

შენ სანთელი ხარ, ანათებ, იწვი,
მაგრამ ვერ თბები და შენთვის ბნელა,
და თუ ჩაქრები, კარგადვე იცი,
ეს უარესი იქნება წყევლა.

შენი ბედია დიდი ძეგლები
და ყვავილებით საფლავი სავსე,
სიცოცხლეში კი მხოლოდ ეკლები,
ეკლები გზებზე, ეკლები თავზე.

შენთვის სასახლეც ეს არის სორო,
არ მწამს, ცხოვრება, რომ თქვა, ავიწყე,
ქვეყნად ყველაზე მძაფრად შენ ცხოვრობ
ქვეყნადცხოვრებაგადანავიწყი.

დადიხარ, უფრო სწორად კი, დაქრი,
დაქრი და არსად არა გაქვს ბინა,
დაქრი და ყველგან შენია სახლი,
მხოლოდ ამ ქროლვით არ მოგეწყინა.

მხოლოდ ქროლაში, მხოლოდ ქროლაში,
ამ უთავბოლო ქროლაში მხოლოდ,
ოქროს წუთების არის კოლაჟი,
შენი სიცოცხლის თავი და ბოლო.

იყო პოეტი, – ნუ გიხარია,
ანდა, იხარე, გულს ნუ აქვს ბზარი,
შენი სიცოცხლეც ეს ხომ ქარია,
შენ ხომ არასდროს არა ხარ მკვდარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი