დაღლილ ჯარისკაცს


დგახარ მდუმარედ და ითვლი წუთებს,
ითვლი წუთებს და ითვლი საათებს...
და იტევს რამდენს ეს ხეც, ეს ბუდეც
მწუხარ თვალებით ნამასლაათევს.

ცა როცა ღრუბლით დაიქუფრება
(ეს ხეც გაძრცვნილა უკვე სრულიად),
იგრძნობ, რომ შენი თავისუფლება,
აი, ამ ხისებრ გაძარცვულია.

შენ გაწუხებდა სამშობლოს ვალი
და საქართველოს წარსული დიდი,
სხვა გზა არც გქონდა... დღეს ხარ მძევალი,
დგახარ მდუმარედ და დღეებს ითვლი.

შენ მიგახვედრეს რომ იყო ჩუმად,
ადამიანი ეს არის ჭია,
და ყველაფერზე თქმულზე ძალუმად
პასუხი იყოს „გასაგებია“.

მზე ჩადის სადღაც, სახლში ბრუნდება,
ყველა საკუთარ სახლებში მიდის,
ახედავ ზეცას და შეგშურდება
ცაზე მსუბუქად გადამფრენ ჩიტის.

რომ მთელი ღამე ჯერ წინ მოგელის,
ეს ფიქრი სადღაც უნდა მიყორო,
ღამე ცივია, არდამზოგველი,
და აღარ იცი თუ რა იღონო.

შენ გვერდით მხოლოდ შენი ჩრდილია,
მასაც შენსავით ბორკილი ადევს
და ერთადერთი ეს ტკივილია
შენთან ერთად რომ ღამეებს ათევს.

ამბოხი გულში, დუმილი შავი
და ომისწინა დაძაბულობა
ჩვეულებრივი გახდა ამბავი,
ყოველდღიური გახდა ულუფა.

გაიხედები ყველგან საითაც,
ვერ დაინახავ რამე ხსნად არი,
და იცი, რომ სხვაც ვერ გადაიტანს
რაცაა შენი გადასატანი.

და ახლაც, სადღაც, მდუმარედ მდგომებს
ზამთარი მყინავ ქარბუქში ახვევს,
სიტყვები გულებს ვერ გაალომებს,
თუ ხელში ამგვარს უპყრია ნაღველს.

ჩვენც ვერაფერი ვერ გვიშველიდა,
გარდა ნანატრი წასვლის საათის,
დრო ერთადერთი იყო მხსნელი და
დროც გადიოდა მძიმე ტაატით.

მაგრამ გავიდა... ყველაფრის მერე
შენ გადახედავ უკან გზას თელილს
და ვერ ირწმუნებ, ვერ დაიჯერებ,
ეს ყველაფერი შენ შეიძელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი