მოლოდინში
ეს მარტიც ქრება, ვით თებერვალი, ასეც და ისეც, გზავ, არ მომელი. ამ გულმა ნახა ბევრი მწვერვალი სამარადისოდ მიუწვდომელი. ამ მწუხარების სული სალია, მრისხანე – ვეფხვი ვით ბენგალიის, შეუღო კარი მტანჯველ გალიას შეღებამ ჩემი გულის გალიის. ამ სიხარულის, ამ ტანჯვის სახე, რასაც ვუძღვნიდი გულში ოდებს მე, ვერ ვიფიქრებდი შეცდომის სახელს მომაგონებდნენ თუკი ოდესმე. სხვა გაღიმებას ვხედავდი გუშინ, სხვა იმედებით ვიდექ ზარებთან და არ მეგონა ბედი ღრმად გულში თუ ამ სინანულს დაატარებდა. ზვავები დაწყდნენ, დაწყდნენ ძაფები, გვეთქვა, ნეტავი, რას არ ვამბობდით! შენ აგცდებოდა ეგ ნიღაბები, მე ამცდებოდა ეს ეშაფოტი. რაღაც ყოველთვის უნდა დაიცვა, სადღაც ყოველთვის დაცვას ელიან, ოდესღაც ვიღაც ისე დაიწვა რომ კვნესა მისი დღესაც მწველია. კედლის სურათზე ქარიშხალია, იტაცებს ხომალდს მორევი ბნელი და მე ვიცი, რომ ვიღაც ქალია მთელ ამ სურათის შთამგონებელი. სიჩუმე ჩადგა, თვალების ჭაში აღარ გროვდება ცრემლი ჩვეულად, მოდის მწუხარედ და ამბობს პაჟი – ფსკერი ყინულად გადაქცეულა. ჩვენ ვნახულობდით სხვადასხვა სიზმარს, როგორც მუსიკა ისევ გველის ეს, არ ვიცი, როგორ შეძლო პარიზმა მოდა დასცქერდეს მინდვრებს ელისეს. რომ არ მიცდიდე (შენ კი არ მიცდი), რომ არ მელოდე (შენ კი არ მელი), არ იძებნება ბრალის ამისთვის, აქ უღონოა ფრთები მფარველი. ვერ შეედრება ცივ რკინას მინა, ფარულ ანთებას – სუსტი ხველება, ვით მოჩვენებით მშობლიურ ბინას უბინაობის საშინელება. ეს მარტიც გაქრა, ვით თებერვალი, ნეტავი, რისთვის, გზავ, თუ მომელი, ამ გულმა ნახა ბევრი მწვერვალი სამარადისოდ მიუწვდომელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი