სიცოცხლის სახსოვარი
გიცქერდი კრძალულ თვალებით მეტრფის, შენ ანათებდი როგორ ლილიკო! და იყო შანსი ის დღე შეხვედრის უკანასკნელი დღე ყოფილიყო. კვლავ რაღაც ფარულს ვხედავდი ხმაში, ვსინჯავდი ყოველ დეტალს და წვრილმანს, შეიძლებოდა, ძვირფასო, მაშინ უკანასკნელად მხედავდი მღიმარს. თითქოს ახლაა იღბალი შემწე და შენ მჩუქნიდი რიდეს ნაქსოვარს, მე კი ვხარობდი: ის ფიქრობს ჩემზე, ასეთ ფერხულშიც მე მას ვახსოვარ! ყვავილი ჩემი, ჩუქება, ნოტა, მთრთოლვარე გული, მთრთოლვარე ხელი რომ ყოფილიყო შეიძლებოდა პირველი და თან უკანასკნელი. და მახსოვს, მაშინ შენს გაელვებას ვით უკანასკნელს ვუცქერდი ისე, ისე ცდილობდე თვალის შევლებას, თითქოს სიცოცხლის სახსოვარს იძენ. და იწყებს ხსოვნა დაკეტვას კარის და ეს წამები სულ ბოლო არის და მინდა მხოლოდ შენით დავტვირთო უკანასკნელი გახელა თვალის. ვკვდები და მიღმურ გზებისკენ დაძრულს მე შენი სახე მესახსოვრება და ასეთ ნეტარ და ტკბილ დასასრულს ვერც ინატრებდა ჩემი ცხოვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი