დაკარგული ლოცვანი


ცხოვრებამ ფერი მიიღო მშვიდი,
მიჰყვება თითქოს რაღაც ბრძანებას,
და ყოველივე შიშით თუ რიდით,
დგას და დგომასაც კი ეკრძალება.
შედგა მდინარე, შენელდა ბინდი,
არსად არაფერს მიეჩქარება,
და გაქრა ძველი ციმციმიც ბროლის
ამ შეკავებულ ნიაღვრებს შორის.

ასეთ მდუმარე ფირების გროვას
ჩემი ბავშვობა ინახავს მრავლად,
აჩნდა სახეებს როდესაც გლოვა
და მე კუბოსთან მიწევდა გავლა...
აღარ წყდებოდა როდესაც თოვა,
ცეცხლმა ბუხარში დაიწყო ნავლა,
ისხდნენ ობლები, შესცქერდნენ ნახშირს
ღარიბ მიწურში და მაინც სახლში.

ჩემი ოთახი იქცა საისად,
დგას სავარძელი როგორც ტაძარი,
პასუხი ბევრი კითხვის გაიცა,
სასურველი და ახლა საზარი,
ერთმა ისარმა ასჯერ დაისრა
აწ მომაკვდავი გულში რაც არი
და სავარძელთან სუფევს სინაზე
მდგარი უბურველ კერპის წინაშე.

ალბათ, ოდესმე დავუბრუნდები
გაჭვარტლულ შანდლებს ახალ სანთლებით,
იელვარებენ დიდხანს უნთები
და ჩაქრებიან ისევ შანდლები,
კვლავ მიმიწვევენ წრეში გუნდები
და თვალებს ისევ მოველანდები,
კვლავინდებურად ლოცვის კრებულით
ვეღარასოდეს კვლავინდებური.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი