ნისლშეუხები


თვალს ისევ მტანჯველ სიზმრებში ვახელ,
ისევ დანგრეულ ვდგავარ სახლებთან
და მაგონდება არცერთი სახე,
რომლის დანახვაც სულს ამაღლებდა.

არ მაგონდება არცერთი მხარე,
არ მაგონდება არცერთი კერა,
სადაც გულს ჩემსას ნაღველი მწარე
მოუნდებოდა ამოეჟღერა.

არავის ღიმილს არ ველოდები,
მე ამცდა ასეთ კვართის ტარება,
არც ვინმე მელის ცეცხლის მოდებით,
ქვეყნად არსაით მიმეჩქარება.

და არაფერი მე არ მიტაცებს
როგორც ჭენება ველურ ცხენების,
სხვა ვერაფერში დედამიწაზე
სულმა ვერ ნახა მოსასვენები.

არ დამანახო მაგ გულზე წყლული
ჩემი ოცნების ხმავ და ზღაპარო,
ცეცხლმოდებული ეს ჩემი სული
ელვარე თასებს რომ შევაფარო!

ვადრი რა ბნელში ანთებულ კანდელს,
კანდელს მოომარს ქარის ძერებთან...
დაფლეთილს ვხედავ ყველა იმ მანდილს,
რომელიც ამ ქარს შეაჩერებდა.

და ამ სიზმრებში თვალის გახელით,
დღეს აღსასრულის როცა ვიჩქარი,
კრთება ხსოვნაში ერთი სახელი
წარუშლელი და დაუვიწყარი.

როს ჩამოწვება ნისლები ფიქრში
და მწუხრებს მიაქვთ ლანდები სახლის,
ნისლშეუხებლად დგას ერთი ნიში
და თავს ვარსკვლავი დაჰნათის მაღლით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი