მარად სანუკვარი თითები


მაგ თითების ალერსს დანატრებული
გული ჩემი, გული ჩემი ვნებული
სითბოს მათსას გადარჩენად იგონებს
და გიგზავნის ამ ნაღვლიან სტრიქონებს.
მე მწყურია მაგ თითების ფერება,
სხვა სადაა ჩემთვის ბედნიერება?
ყველგან ღვარძლი, სიამაყე და შური,
ყველგან ჩემთვის კარებია დახშული.
ყველგან მკაცრად მიყენებენ პირობას
და ყოველთვის მთხოვენ მათნაირობას.
ეგ თითები, მაგ თითების ამბორი
ჩემთვის წმინდა სინაა და თაბორი.
ისინია ერთადერთი ნუგეში,
რომ არაა სული ჯერაც უხეში.
ო, ეს მათი სიმებით და გედებით,
ქვეყნის ხელში თუ არ გავსულელდები!
მხოლოდ ასე სული წყვდიადს ერევა,
მხოლოდ ასე ძალუძს ბედნიერება,
მხოლოდ ასე მწამს მე გულის ძგერება,
მხოლოდ ასე მიყვარს და მემღერება!
ასეთ კრძალვით, წყურვილით და რიდებით,
მხოლოდ შენი სანუკვარი თითებით...
ამ ამბორში არის დიდხანს ფარული,
ო, იმდენი ცრემლი და სიხარული!..
მათით ვღელავ და მათითვე ვმშვიდდები,
სანამ შენი მე მათბობენ თითები,
შორს იქნება ჩემგან გაბოროტება
და ცდა ყველა მარცხით დაბოლოვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი