იქ, ქუჩის ბოლოს, ქალი რომ მიდის
იქ, ქუჩის ბოლოს, ქალი რომ მიდის, იქ, ქუჩის ბოლოს, რომ მიდის ქალი, თან მიაქვს ჩემი ცხოვრება მშვიდი და ჩემი სულიც მისდევს შემკრთალი. ამომხდეს სული, რისათვის იყოს, დაფარონ იგი რომელ ვარდებმა? გულს საგულეში გარემო ითხოვს, გული, გული კი მისამარდება. მიკვდება გული, რას შევადარო რა ნაღვლითაა ამოვსებული, რა სიტყვა ვუთხრა ახლა სამყაროს, რომ შევძრა მისი ქვასავით გული? ან, რას მიშველის, რომც მომეფერონ, ნუგეში მცენ, თუ იცვან თალხები, მიდის, ის მიდის, არ იცის მე რომ ცოცხლად ვიღუპვი და ვიმარხები. ქუჩის ბოლოსკენ მისი ნაბიჯი, თითოეული ნაბიჯი მისი ცივდება, როგორც ტყვია ძვალ-რბილში, როგორც საფლავში გორახი მიწის. შეჩერდეს, ვინმემ უთხარით, სთხოვეთ, კარგი არ მელის მისგან განკვეთილს, უთხარით, სთხოვეთ ნუ მიმატოვებს ამ უდაბნოში სასოწარკვეთის. მორჩა, წავიდა... რაღასღა ვეძებ? დაფერფლილია სული და ქარო მაღალო, მითხარ, აწ ფერფლი ესე რომელ ანგელოზთ დასს მივაბარო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი