გულჩაკეტილობა


შენ ყველაფერი გულს ჩაიკალი,
ეულად გული შენი იწვოდა
და რა ბრუნავდა შენ თავს გრიგალი
არავინ ქვეყნად სხვამ არ იცოდა.

რატომ და რისთვის, – შენ ვერ ახსენი,
რა იდუმალი გქონდა მიზეზი,
ბევრჯერ კი ტანჯულს და გულგასენილს
ხმა გინატრია უგულთმისნესი.

ვით რელიქვია, ვით საგანძური
და საიდუმლო რამე წიგნები,
ისე დამალე შენი წარსული,
შენი გრძნობები, შენი ფიქრები.

და გაწამებდა შენ გამუდმებით
პირაკემსვა და ნაკემსარები,
მოგანდომებდნენ სიკვდილს წუთები
გულდათუთქვების და გამწარების.

მაგრამ მდუმარე იყო ზეცა და
მდუმარე იყო ხალხის მზერები,
იცოდი, რაც შენ პირს გიკემსავდა,
ეს საკუთარი იყო ხელები.

შენ არ გიშველის თავის ცოდებაც,
თავს თუ უშველი, ვით გიშველია,
რადგან მთელ ამ შენ წვას და გოდებას
თანასაგრძნობლად არსად ელიან.

ხანდახან, ფიქრი ამ მძიმე ჯვარზე
ბევრად მძიმეა, ვიდრე თვით ჯვარი,
კაცის ცხოვრება ყოფილა ასე,
ცოცხლობ და ჯვარიც საზიდი არი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი