ის სულელია


ის სულელია და თანაც დიდი,
მის სიტყვებს ზოგჯერ ფხა აქვთ დანების,
მერე რა, თუკი მას არ აქვს რიდი
სულგაყიდული შარლატანების?

მითხარით, ერთი, ვის რა ედაოს
საყოველთაო ღვარძლში და შურში?
თუ რამეს ეძებს საყოველთაოს
სიმსუბუქეა საკუთარ სულში.

ვინმეს ჰგონია, თუ არ ახსენებს
ეპოქა რიგში გენიოსების,
ეს მას შეძრავს და გაანაწყენებს
და ცეცხლს ჩაუქრობს მისი ოცნების?

ის არ მოელის პრემიის რგებას
და პანთეონში დადებულ ბინას,
მან კარგად იცის რა როგორ ხდება,
იკითხოს იმან, არ იცის ვინაც.

ის თქვენს ეპოქას არ აგდებს ძაღლად,
სულით სამყაროს გრიგალებს იტევს,
ის ცდილობს დადგეს ქაოსზე მაღლა,
ეჭვი არ გქონდეთ დადგება კიდეც!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი