უჩინარი ქალიშვილის წერილი პოეტს


შენ სულ ყოველთვის დაგყვებოდნენ ქალიშვილები
და გეხვეოდნენ თავზე ჩიტთა როგორც გუნდები,
მათი შემყურე მე შენს თვალში დავიჩრდილები,
არ მოიხედავ და მე აღარ მომიბრუნდები.

...თანაგრძნობისთვის ვერ დავიწყებ გამათხოვრებას,
გული კი მწყდება, მწყდება ძლიერ, ძლიერ ვღონდები,
წლები გაივლის, თვალს გაახელ, ნახავ ცხოვრებას
და სინანულით, სინანულით მოგაგონდები.

გაგახსენდები, მოაწყდება ხსოვნას კადრები,
სხვა სიხარულზე ფიქრს შესწირე ადამიანი,
მოგენატრები, უსაშველოდ მოგენატრები,
შენ კი იფიქრებ სავალალოდ არის გვიანი.

მაგრამ რა იცი, რომ ვიქნები როგორც ტირიფი,
ჩუმ სიხარულით, ჩუმი ტანჯვით, ჩუმი გოდებით
მე შენს სიყვარულს დავიცავ და შევეწირები,
სიკვდილამდე და მის შემდეგაც დაგელოდები.

ჩემი სიცოცხლე მე შენს ფეხთქვეშ გამიფენია,
კვლავ ველი მე შენ მობრუნებას ფრთხილ გულისცემით,
მთელი არსება, მთელი ჩემი გული შენია,
შენი კი ერთი გაღიმებაც არაა ჩემი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი