დავალ ისევ მოგონების ფსკერზე
დავალ ისევ მოგონების ფსკერზე, ისევ ცეკვის ხასიათზე მოველ, შენ უდარდელ გაღიმებას ვეძებ, რასაც გინდა შეგისრულებ, მთხოვე! ამინდია ნაცრიანი ღრუბლის, ამინდები სულს ღებავენ ჩვენსას, მითხარი და ზეცის მკაცრი შუბლი გაიხსნება, განათდება ზეცა. მითხარი და დაეშვება თოვლი, მითხარი და გაზაფხული მოვა, მითხარი და ამწვანდება მოლი, დაიწყება ყვავილების თოვა. აგევსება ორქიდეით ეზო, მთხოვე, ნურას ნუ მოითმენ თმენით! ოღონდ, ნუ მთხოვ, დავიწყება შევძლო, დავიწყება რომ შევიძლო შენი. თავს მოვიკლავ წინაპრების ხმალით, ანდა, თავით გადვეშვები მტკვარში, ოღონდ, ნუ მთხოვ, შეველიო ძალით გულისძგერას შენი თმების ქარში. ოღონდ, ნუ მთხოვ, შეველიო თითებს, თითებს შენსას ფაიფურზე მკრთალებს, შენს ბაგეებს ეშმაკურად წითელს, და შენს თვალებს და მაგ თვალთა ქნარებს. დავალ ისევ მოგონების ფსკერზე ისევ ცეკვის ხასიათზე მოველ, შენ უდარდელ გაღიმებას ვეძებ, რასაც გინდა შეგისრულებ, მთხოვე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი