მოხეტიალე უფსკრულის პირას
შენ დაღლილი ხარ, ძლიერ დაღლილი, ახლოა მიწა, შორია ზეცა, გულის ყოველი ამოძახილი მომაკვდავების ჩაგესმის კვნესად. გამოეცალა შენს ყოფნას აზრი, ნელ-ნელა ასე, თვალს და ხელს შუა, ცხოვრებისათვის შენ ასე დაცლილს მცირე ნუგეშზეც გითვლიან უარს. შველის სხვა დაღლას მძიმე, ღრმა ძილი, ეგ კი ისეთი მძიმეა დაღლა, ამღვრეული გაქვს ცხოვრების ნირი, მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობ შენ ახლა. სულმოკლეობად ნუვინ ჩაგითვლის: რადგან გადიან დღეები და შენ ქარიშხლის ყბაში ყოფნას არ აჩენ, სულზე გადაკვრას სასტიკი ფითრის. აჰა, გამოხვალ ქუჩაში, გინდა, გინდ არ დატოვებ ბინის გალიას, ყველგან მაღალი გილიოტინა და კოცონების ცეცხლის ალია. სამყარო მაინც ლამაზი არის, რა არის, თუნდაც, თვალები შველის ან ბრმა კაცისთვის ახელა თვალის, მაგრამ ეს ყველა შენ ვეღარ გშველის. რომ ზედმეტი ხარ, დადიხარ ბარგად, არაფერს ნიშნავ სამყაროსათვის – შენ ეს უწინაც იცოდი კარგად, მაგრამ სიცოცხლეს მაინც ლოცავდი. ახლა კი, შენ და ცხოვრებას შორის გაჩნდა უფსკრული უკვდავად ვრცელი, და მის გაქრობას ფიქრითაც შორით, ფიქრითაც შორით შენ აღარ ელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი