კეისრის პერგამენტების ქვეშ


როცა ვიგონებ ჩემს ნაწერებს დადგმულს დასტებად
და მიმოფანტულს კიდევ რამდენს სხვადასხვა ალაგს,
ცხოვრების ჩემის მდინარებას, ქვეყნიურ ღალას, –
არ ვიცი საით, მაგრამ ჩემს გულს მდურვა დასცდება.

ეს ნაწერია, რაც ჩემ შემდგომ ქვეყნად დარჩება,
სულის და გულის მე იმათში ვაქსოვე ძალა,
და ჰა, კეისრის პერგამენტებს დავყურებ კვალად,
როდესაც მხოლოდ მათ ეკუთვნის ჩემი არსება.

იქნება ახლა სადღაც ჩემთვის დანა ბასრდება,
შხამი მზადდება, გეგმა წყდება, გულს შური ღალავს,
დღე ხვალინდელი ჩემ დაღუპვას ზრახვებში მალავს,
და ჩემს ნაწერებს ობოლთ ბედი ელით მტაცებლად.

როს ვცილდებოდე უნდა ყოველს, რაც მეტმასნება, –
ამ პერგამენტებს, ამ სავარძლებს, შფოთიან პალატს,
ვაშთობდე ფიქრს, რომ მზეს უთუოდ ვიხილავ ხვალაც,
და ეს ყოველი სულის სამარხს არ ემსგავსება.

დაჰყვება ჩემს გულს ამ წუხილის ყოველგან ჩრდილი,
და როგორც მიწა განუწყვეტლად გარდამავალი
ვარ ორი მეფის უბოლოო ბრძოლით დაღლილი.

მე თქვენი, ჩემო ნაწერებო, ბევრი მაქვს ვალი,
გთხოვთ პატიებას, არ დამზოგა ბედმაც სრულებით
და დამრჩა თქვენი გუმბათები დაუსრულები.

გთხოვთ პატიებას, უშფოთველი წაგართვით ძილი,
სად ტრიბუნები ათასობით შემოგცქერთ თვალით,
ნახევრად შიშვლებს ორატორის გიყარეთ წილი.

მაგრამ არ შედრკეთ, არ ჩაიქროთ მხნეობის ალი,
მარადისობის ბაგეთაგან ნაჩურჩულები
ნანგრევებითაც შეიცნობა თქვენი სულები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი