საბრალო ალვა
ოი, საბრალო ალვის ხის ნერგო, მე მებრალები, ო, მებრალები, ასე მწუხარე ხვედრი რად გერგო და სევდიანი რად გაქვს თვალები? ო, მენანები და მეცოდები და გული მიწუხს შემხედავს ამის, შენ გემუქრება ცეცხლის მოდებით ბორბალი ქარის, სიცივის, ღამის. მის ტრიალს შენ ვერ გადაურჩები, შენთვის ყოველი დილა შორია, ლოგინად გეგო ცივი ქუჩები და სახლად მძიმე ბუტაფორია. ო, განდევნილო და განწირულო ოკეანეში მგლოვიარების! თვალი ვერასდროს უნდა მილულო და იყო მარად ხელში ქარების. შენ ბედს დასცინის ყველა დემონი, მათთვისაც შენი ყოფა კრულია და სახეებიც გარეშემონი ყველა ერთ გულცივ ფერხულს უვლიან. ოი, საბრალო ალვის ხის ნერგო! მე მებრალები, ო, მებრალები! ასე მწუხარე ხვედრი რად გერგო და სევდიანი რად გაქვს თვალები?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი