წვიმის ლირიზმში
გულს ამღელვარებს ლირიზმი წვიმის, ეს თაღების ქვეშ ჩემი მხრებია, ვიგონებ ყველა ღვთაებრივ ღიმილს, გულს რომ ოდესმე შეჰფარებია. წარსული, როგორც ძველი სერია, გადადის დღეთა ფირიდან ფირზე, ცივ კადრთა გარდა არაფერია, ამ ეკრანებზე რასაც ვეღირსე. მუდამ ლახვარი გულზე მესო და ო, როგორც გინდა თვალი არულო, რაა ოცნება უალერსო და რაა ცხოვრება უსიხარულო? გულს ამღელვარებს წვიმის ლირიზმი და ამ წვიმისგან საშინლად სველი, ჩემი წარსულის დავდექ პირისპირ, მაგრამ ისევე ბედშეუცვლელი. წვიმის ლირიზმი გულს ამღელვარებს, გულმა სიკვდილის იგრძნო შეხება, ვიგონებ რამდენ ნანატრ მწვერვალებს და მწუხარების კარის შეღებას... და მაინც წევრი ოცნების მრევლის! სხვა სიხარულის ვცლი მე აქ თასებს, ცხოვრებაც ჩემი, ტანჯვებით სავსე, ჩაივლის ჩუმად მსგავსადვე ბევრის. და სანამ მკერდში მედგმება გული, ვივლი მე ჩემი ოცნების გზაზე, ჩემზე არ ითქმის ბედის რჩეული, მე არ მიგებდნენ გზად ფიანდაზებს. ო, გამუდმებით შენ გულს მისერავ და მხრებს ტკივილის ტვირთავ ტვირთებით, მაინც ვერასდროს, ჩვენ, ბედისწერავ, მოვრიგდებით და დავძმობილდებით! დანებებისკენ ისრებით სავსე გადაიხრება რამდენჯერ პინა, რამდენჯერ გზაზე ტალახებს დავზელთ და ჩაიმსხვრევა ტაძრების მინა. და რომც ვიცოდე – ტყდება ხიდები, ანდა, გზის ბოლოს დგას ეშაფოტი, არ შემიძლია, არასდიდებით, ვარსკვლავებისკენ არ ვისწრაფოდე! და აი, აქ ვარ, სად მზეა მწველი, ყორნების ხმა და მახვილთა ტბორი, სად კიდევ ერთხელ გადიხდის ველი ბრძოლას ბედსა და კაცის გულს შორის. შენ, ჩემო გულო, წარსულის იქით, ბედს ისევ დუელს ოდეს შებედავ, შენ გზად კურთხევად ენთება რიგი დიად სულების მეოცნებეთა. ამბობენ სხვანი, რომ ბედთან მტრობა ახალგაზრდული ჩქროლაა სისხლის, კურთხეულ იყოს ახალგაზრდობა, სიკვდილისაგან სულს ოდეს იხსნის! დავიღუპებით, მაგრამ სირცხვილი ფეხს ვერ მოადგამს ჩვენს ვრცელ ნადიმზე, ასწი თასები ზეცას მიძღვნილი, გულო, წარსულში ოდეს გადიმზერ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი