ხატობას


მე გულს ვეღარ ვგრძნობ ჩემსას სრულიად,
თუმცა, მენება სულ სხვა მე ნებით...
და სულიც ჩემი მოხიბლულია
ხიდიდან მტკვარში გადაფრენებით.

ქარმა ჩემს ნუგეშს ხელი დარია,
ვეღარ ვადევნებ ცას უჭკნობ ღიმილს
და მე სიცოცხლე არ მიხარია
და არც რაიმედ სიკვდილი მიმიჩს.

წადით და ჰკითხეთ რადა ვარ ასე,
ეს ასე რომ ვარ, მისია ბრალი,
მის გამო თვალი ცრემლით მაქვს სავსე,
მის გამო გაჩნდა გულზე ნაპრალი.

დიდი ხანია, ცრემლების სურა
რაც მივაბარე მის ბროლის ხელებს,
და თუ ცრემლი მდის, ნურავინ ნურა
გულჩვილის სახელს ნუ მომაკერებს!

დიდი ხანია, გულის დაფები
რაც მის ჯადოსნურ მივანდვე თითებს,
და თუ წუხილი დამეწაფება,
სხვა თავს საშველად ნუ გამოიდებს!

მის გამო არის, რომ მიდგას სული,
სულსაც თუ დავლევ, ისევ მის გამო,
შენს ცქერაში ვარ გამომწყვდეული,
მწვერვალო მთის, თუ უძირო ხრამო!

და ამით კარგად სარგებლობ, არა?
დამაცა, მოვა ალერსის ჯერი!
მოთმინებასაც აქვს ჩემსას ზღვარი
და თუ რისხვაში გადავიჭერი,

ვეღარაფერი გიშველის, ვერა!
სულ ამაოა ყველა ჟესტები,
ვერც შენი ნაზი, მწუხარე მზერა,
ნურც წარბის შეკვრას ნუ შეეცდები,

სულ ამაოა, ხომ გეუბნები!
ტყუილად მიცქერ კნუტის თვალებით,
მახსოვს ქალაქის ყველა უბნები,
ამ სასჯელს ვერსად დაემალები.

რამდენმა ცრემლმაც დაბინდა თვალი,
იმდენი კოცნა ცრემლების დამდენს!
და ამას კიდევ ის მიათვალე,
კომპენსაციად მოვითხოვ რამდენს.

და ამას კიდევ ისიც, voilà!
რამდენ სურვილსაც გულში ვმალავდი
და ესეც ასე, გსურდა, თუ არა,
ჩემი მოვალეც გახდი მარადი!

ეს ხუმრობით და თავისუფლება,
რასაც ერთადერთს მე ვფლობდი ფლობით,
რომ გაშლილიყო გრძელი სუფრები
მომქონდა შენთან ხონჩით და გობით.

არ ახლდა ჩემს ფიქრს ბიწის იოტი,
როგორც ხატობას მოჰყავთ საკლავი,
მომყავდა შენთან და მოვდიოდი
აწკრიალებულ ხელში საკრავით.

რის დასათმობად ცრემლებს მადენდა
წუთისოფელი მათრახით რკინის,
მე, საყვარელო, მომქონდა შენთან
სიხარულით და ცრემლებით ლხინის.

ეს ასე იყო, სიყვარულს მუდამ
მის სამსხვერპლოზე წმინდა ტარიგად
თავისუფლება იწვოდეს უნდა,
არ უმწყალობნებს იგი სხვარიგად.

ამქონდა მუდამ სამსხვერპლო წმინდა,
მხვდებოდა თასი ღვინით ულევით,
კიდევ მრავალი ხატობა მინდა
და გზის გათელვა სალამურებით!

რაც იკარგება ამქვეყნად, ვიცი,
არცერთ დახარჯულ წუთს არ ვინანი,
იყოს განგება, რა გინდა ფიცხი, –
ვშლი მის წიგნს ლაღი და მოცინარი.

ხომ დაიხარჯა ჩემი სიცოცხლე,
გული ამ ცეცხლმა ხომ გადაბუგა,
ხომ არ დამცხრალა ჯერ კიდევ ცეცხლი,
შემომრჩა სული ისევ ჭაბუკად.

ის, რომ სახატეს მომელის ხატი,
მე რომ მის წინ არ შემიცოდია,
როცა ჭინკები დამდევდნენ ბადით,
ეს ქვეყანაზე ცოტა როდია!

ყოველს ზეიმის სახე მიეცეს
და ქუხდეს მესაც გამარშებული,
ვინც ფეხი შევდგით ამ სარბიელზე,
ვართ წაგებულიც გამარჯვებული!

ეს გული ჩემი ისევ გულია,
ისევ ამ გზაზე მივალ მე ნებით,
ეს სული ისევ ანთებულია
გასაოცარი აღმაფრენებით!

გარს ანგელოზთა გუნდი გვივლია,
იცნეს ალვებმა ცა წინანდელი,
ჩემი სხეული დაფერფლილია
და ვარსკვლავების ადგას ნათელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი