ზამთრის კარებთან
მე ისევ შენთან მოვედი, თამარ, შენ წინ მუხლებზე მინდა დავეცე, თუმც ამინდიდან არ დავა გამა ჩემი სიტყვების სიცოტავეზე. მე შენ მოგელი ჩუმს, ალერსიანს, ძველი კადრები არ იშლებიან, მაგრამ ჩვენ შორის ბევრი რელსია, ბევრი ღამე და ქარიშხლებია. გაცივდა ჩვენი ოცნების სფერო... ისე, ნაღველს რომ არ შეერევა, მინდა უბრალოდ რომ მომეფერო და ნაზი იყოს შენი ფერება. ვიგონებ ყორნის ჩრდილს მაგიდაზე ტანს შემოხვეულს გველივით შანდალს... ჩემ ნუგეშებსაც ღამე იტაცებს და ყვავილივით კუბოს წინ ფანტავს. მე ახლა ვხედავ, რომ მენატრები და მაგონდები ციურ სახლივით, იქნება უნდა მქონდეს ხათრება არ შევყმუოდე წარსულს ძაღლივით, მაგრამ მე ვწუხვარ და მენატრები, როგორც ტილოზე ედვარდ მანესი – მსურს ჩავასვენო ტანი ნათრევი შენი მკლავების თეთრ სავანეში. მე ისევ შენთან მოვედი, თამარ, ღამეთა ხმაზე რეკავს ეს ზარი, მაგრამ სდუმს ბინა, როგორც აკლდამა, და სულში ზამთარს ეღება კარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
"მაგრამ სდუმს ბინა, როგორც აკლდამა,
და სულში ზამთარს ეღება კარი"
ძალიან სევდიანია მეგობარო, ლექსი მშენიერია უბრალოდ, რეალობაში უფრო პოზიტივით განეწყვე😍