აივენგო წიკლაურის ხსოვნას


2022 წელს აივენგო წიკლაური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და სამოქალაქო თავდადებისთვის „მადლობის სიგელით“ იქნა დაჯილდოებული

ჩვენ ყველას მშვიდად გვეძინა მაშინ
ფიქრით – ცხოვრება თუ როგორ მიგვდის,
როცა ის, სადღაც, ბნელ პალატაში
თვალდახუჭული ებრძოდა სიკვდილს.

რომ მოიხადა სიჩუმემ ქუდი
და ამოსუნთქვა წარიღო ბოლო,
უკანასკნელი იმისი წუთის
იყვნენ მოწმენი კედლები მხოლოდ.

რომ ლოცვას ჰგავდა ჩუმი ჩურჩული,
ამაღლდა ჭერი როგორც გუმბათი
და შორს აღელდა გადალურჯული
დამწუხრებული მთა გუზუმბათის.

თოვლი ეწვია მშობლიურ მხარეს,
მშობლიურ ველებს დაერღვათ რული,
სად უკანასკნელს გზავნიდა ალერსს
მდუმარედ მისი მხურვალე გული.

ყველაფერს, რითიც თვალი თვრებოდა,
რაც სული იყო მისი ცხოვრების,
ის სამუდამოდ ეთხოვებოდა
ამ შორეული გამოთხოვებით.

რაოდენ ფიქრებს იწვევდა სივრცე,
ან მოგონებას გაუხუნებელს,
და ადიოდა ნელი-ნელ ხიდზე –
ხიდზე უცნობ და დაუბრუნებელ.

ზეცას, ზმანებულს ალბათ სახლივით,
სად აღარ იცის ოცნებამ ძილი,
მან მიაბარა სული დაღლილი,
სული მშვიდი და კეთილშობილი.

მაშინ ჩვენ ყველას გვეძინა მშვიდად,
თვალს არ ეკიდა ცრემლი გვიანი,
როცა ის, სადღაც, ბნელ პალატიდან
დაგვემშვიდობა თვალცრემლიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი