ღირსსავს ხელოვანს, გმირს სახელოვანს, მირზა გელოვანს


მირზა, გიგზავნი მე ამ სტრიქონებს
შვილი სხვა დროის სხვაგვარ გუგუნის,
მინდა გახარო, რომ კვლავ იგონებს
შენ სახელს ქარიც სხვა საუკუნის.

გახარა ვინმემ რომ მორჩა ომი?
დაირღვა ცეცხლის შავი ზეწარი
და ახდა ნატვრა, თუმცა კი, ლომო,
შენ მის ახდენას ვერ მოესწარი.

გათავდა ომი, დააგვირგვინა
გამარჯვებებმა ყველა ქაოსი,
სანამ გელოდა მარადი ბინა
სანიკის ძმათა სასაფლაოზე.

და ქართლში ახლა ლხენით მღერიან,
დასდევს სახეებს ღიმილი ბადრი,
ვცოცხლობთ ჩვენ კიდევ ასი წელია
შენი გმირული მარჯვენის მადლით!

შორით ჩავლილი სიცოცხლის დღენი
ისევ ხმაურობს, ისევ იწყება,
ომს შეწირული სიცოცხლე შენი
არ მისცემია აქ დავიწყებას.

ლექსებად თარგმნე ზუზუნში ტყვიის
სამშობლოსადმი გულის ალერსი,
არ ივიწყებდი ღმერთს პოეზიის,
როს ჩაჰყურებდი სიკვდილს თვალებში.

მოგქონდა ომის მძაფრი სურათი
დაღლილს დაღუპულთ ველების მოვლით
და სველ ფარაჯას რომ იხურავდი
მეც შენთან ერთად ვიწვოდი თოვლით.

ესმის კი ვინმეს რამდენი ძალა,
რა დიდი სულის პატრონი უნდა,
უბეს ივსებდე ვარდებით ხალას,
როცა სიკვდილი გიცინის ყურთან.

დიდება ყველა გმირს, სახელოვანს,
ვინც დაიკარგა ომების ქარში
და ეს კი ჭაბუკ მირზა გელოვანს,
მირზას, რომ შერჩა თვალები ბავშვის!

დიდება ყველა გმირს, სახელოვანს,
არ შეაშინა ვინაც მტრის ტყვიამ
და ეს კი ჭაბუკ მირზა გელოვანს,
მირზას, რომელმაც სიკვდილი სძლია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი