****


გაურანდავი გარინდებით გარს ვუვლი არეს,
ვეჩოთირები საფიქრალებს,თან დამსდევს მთვარეც,
მიზეზებს ვჩუქნი საბრძოლველად შარიან არესს,
ყველა ნაყოფი უკვე ვიგებე, ტკბილიც და მწარეც,
თუმცა, ფიალა სიმწრის,ის ფიალაა რომ არ ივსება,
სრულყოფილებით შეუმკიათ ჯადოქრის თითებს,
დამთავრებული რომ გგონია, მაშინ იწყება,
თვით აღუვსებელ საწყაულზე მეტსაც კი იტევს,
პირგამეხებულ ზეცას ბასრი ხელკავით,
დაუკაწრია ბევრის გული დაუნანებლად,
თავის დაღწევის ხელოვნება ჯერ ვერ ვხელყავით,
და ჭრილობები დარჩა ბევრი დაუამებლად.
სწორედ იქიდან მოისმის ხმები,
სისხლდადენილი ხვეულებიდან,
სწორედ იქიდან ისმის სიმართლე,
ორომტრიალის წვეულებიდან.
იქ შეიძლება შეისწავლო სიბრძნე მისნური,
უბედურების ბედნიერებას ახადო ფარდა,
გახდე საკუთარ ტკივილების ძლიერ მიჯნური,
და შეისწავლო ყველაფერი თავის არ მოკვლის გარდა...
გაურანდავი გარინდებით გარს ვუვლი არეს,
ვხედავ ნათებას მთვარის შუქის, გადამეტებულს,
მიზეზებს ვჩუქნი საბრძოლველად შარიან არესს,
და ღამეებს კი აღარც ვითვლი გადათენებულს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი