****


ყველაფერი ჰგავს ერთმანეთს, თან განსხვავდება,
დრო არ ჩერდება, დრო მიდის, თუმცა მკვდარია,
ბევრის მნახველში მომავალი კლდისებრ ქვავდება,
სიმები თრთიან, სამყარო კი დიდი ქნარია.
სარკმლიდან მოჩანს ჰორიზონტი წინ დაფენილი,
ფიქრები სხვაგან იშლებიან, არ აქვთ სამანი,
მოდის ნიავი, უწინაპრო ხმით დაფერილი,
და ეფონება სხეულს, როგორც ტკბილი სალამი.
შეუცნობელი არც არასდროს არ შეიცნობა,
ორჭოფულ ჰავას უხილავად გაუდგამს ფესვი,
ერთ ოდისეას ცვლის მეორე, კვლავ სეირნობა,
ვინ გააჩაღა ცოდნის ცეცხლი, არ იყო კვესი.
მხოლოდ გრძნობები დაბადებული დედიშობილა,
სულში ჩახედვის ხელოვნება, წარსული დიდი,
არსი ყოფნის და არ ყოფნის ერთი ყოფილა,
ყველა ვერ ამჩნევ, რომ არსებობს მათ შორის ხიდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი