უხილავი სიმი


ბნელ დერეფნებს ანათებენ ჩირაღდანები,
ქვით მოკირწყლული კედლები ბაცად ციალებს,
დერეფნის ბოლოს მოჩანს ლამაზი ბაირაღები,
ამ ბაირაღებს ჯერ არ ნაცნობი ხმა აფრიალებს.
უცნობი ხმები ისმის, საიდან?
იქნებ, აქ ხარობს მაყვლების ბუჩქი,
ან იქნებ, სადმე უცხო კარიდან,
შემოუკრიათ ნაღარა, ბუკი.
რექვიემს არ ჰგავს, არც ხმას ორღანის,
შუბივით ხვდება სულის სამიზნეს,
მამას, ძე ღმერთსა და სულიწმინდას,
აერთიანებს ერთში სამივეს.
შემოდის შუქი და იქვე სკამზე,
ხეში ნაკეთი, რომ დგას დიადი,
გვერდებზე ხავერდი და ლალი თავზე,
ჩაბრძანებულა განთიადი.
მაინც, რა არის, რა ჰქვია ამ ჰიმნს,
რომ აფრიალებს ამ ბაირაღებს,
რა ჰქვია სახელად იმ უხილავ სიმს,
ბოლოსდაბოლოს რომ გაიმარჯვებს!?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი