გზააბნეული სიჩუმე და უცხო კაცი


გზააბნეული სიჩუმე ეძებს ადრესატს,
წვიმიან ქვაფენილს დაჰნათიან ლამპიონები,
ქუჩის კუთხეში ბოძი იჭერს მაღალ უცხო კაცს,
აფრიკის ველზე კი, დარბიან ანტილოპები.
წარსულის ქარი დაუბერავს მომავლის ფოთოლს,
ხიდან მოწყვიტავს, გაიტაცებს უცხო მხარეში,
შემოგვთავაზებს დიდ სცენაზე აწმყო თვის სოლოს,
სოლო უყურებს ქორეოგრაფს უხმოდ სახეში.
ტაში არ ისმის, არც ვარდები მოაქვთ სცენაზე,
მაყურებელი ამ ყველაფრის არის მისტიკა,
ყური არ არის მიჩვეული უცხო ბგერაზე,
შეფასებები არ იქნება და არც კრიტიკა.
ასე ყოველ წელს მართავს ქარი უხმოდ კონცერტებს,
ბილეთის ფასი არ იცვლება, არის უცვლელი,
ორივე მხარე აქვთ ისევ, ამ მონეტებს,
ბოლომდე თქმას სჯობს, ნახევარი იყოს უთქმელი.
გზააბნეული სიჩუმე ეძებს ადრესატს,
და მან იპოვა უცხო კაცი ქუჩის კუთხეში,
გამოიარა ქვაფენილზე ამ დროს კარეტამ,
გასწი პირდაპირ და ეს ფული გქონდეს უბეში.
წვიმა შეწყდა,კაცი და სიჩუმე მისულიყვნენ დათქმულ ადგილას,
კაცმა სასმელი შეუკვეთა და სკამს მიეყრდნო,
სიჩუმე ჩუმად ჩამოუჯდა, როგორც სამარე,
იცეკვა ქალმა და ორივემ ტაში დაუკრეს,
იყო სიმღერა , იყო ცეკვა, იყო კაბარე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი