****


რასაც ვერ იტევს გული, და თუ გონება ალაგებს,
თვალზე დაგიფრთხა რული, ცხოვრება წყნარი ალაგმეს,
შემოგეჩვია ფიქრი, გაწუხებს ამაოება,
არ წაიხდინო ნირი, ზოგი რამ დროსაც ერევა.
გამოგაჩინოს საქმემან შენმან,
ალბათ, შენც იცი ნაცნობი ფრაზა,
დღეს ფულის შოვნის შეგიპყრო სენმა,
შავის და თეთრის სულში გაქვს ბაზა.
ფიქრები შენი ერთმანეთს ცვლიან,
არ იცი, ისიც, დღეს რა ჯობია,
ვიღაცეები კომბლებსაც თლიან,
მათაც აწუხებთ რაღაც ფობია.
ლაბირინთში ხარ შიგნით შესული,
კომბალს იქ ბევრად ჯობია თოკი,
დაფდაფი უკრავს, მიდის ფერხული,
წყალს არ მოიტანს, გატყდება დოქი.
ახლა დრო დადგა, ჯერია შენზე,
ახლოს ვინც გყავდა, ის გადგა გვერდზე,
თავს მოერიე, დადექი ფეხზე,
განწყობა ცუდი შეცვალე მხნეზე.
თუ გინდა, გასცდე ლაბირინთს,
დროა, რომ სძლიო თავს,
ყველას უნდა, რომ გახდეს თესევსი,
მაგრამ ყველა ვერ მოკლავს მინოტავრს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი