სადღაც


სადღაც ცრემლებით სველდება ბალიში,
სადღაც სიცილით ჰაერი თბება,
სადღაც მინორულს უკრავს კლავიში,
სადღაც ირღვევა ათივე მცნება,
სადღაც მზის სხივი მოხვდა სარკმელებს,
სადღაც წვიმა სახლის ბანს ხვრიტავს,
სადღაც ხატის წინ, წვავენ საკმეველს,
სადღაც თვალებით დასვამენ კითხვას,
სადღაც მდინარის ყმუის ზვირთები,
სადღაც უდაბნოს გაცხელდა ქვიშა,
სადღაც აფეთქდა ხეზე კვირტები,
სადღაც იპოვა ვიღაცამ ნიშა,
სადღაც ბავშვები დედას უხმობენ,
სადღაც ბავშვებმა დაკარგეს დედა,
სადღაც გაყინულს ხელებს უთბობენ,
სადღაც დაეწყო გაყინულს ბნედა,
სადღაც იესოს ჯვარზე აკრავენ,
სადღაც დილის ჟამს მამალი ყივის,
სადღაც სიმართლეს ხელებს გაკრავენ,
სადღაც სიჩუმე ყველაფერს იტყვის,
სადღაც ცხოვრება თითქოს გაჩერდა,
სადღაც მომაკვდავს უშრება პირი,
სადღაც შავი თმა უცებ გათეთრდა,
სადღაც ვეღარ ძლებ და გულით ყვირი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი