ბათუმის ღამე


ახლახანს  წვიმამ გადაიღო და მთვარე- მსხვერპლი,
გუბურის წყალში გაჭედილა,  არაუშავს-რა! 
ეძინებოდა დაღლილ  ქალაქს, ღამე-კი ეტლით
მოაგორებდა ვარსკვლავებს და თვალებს ხუჭავდა 

ათას რამეზე... ჩვენ ნაბიჯებს ვტოვებდით უკან.
ღიმილი შენი თვალებიდან იწყება ისევ,
ქარი წელში ხრის  ხეებს, მერე  ფოთლებზე  უკრავს,
ფოთლებზე უკრავს -  ღამე მღერის,  მე-კი შენ გისმენ. 

მივდივართ... ქუჩას აფერადებს  ნაბიჯი ნელი, 
წრფელი ლექსებით გაბრუებ და შენს გულს  ვდარაჯობ,
ბათუმი ისევ გაიტრუნა,  წვიმას მოელის,
წვიმის რაინდებს შენ აღმერთებ, ჩემო ქალაქო!

თავად არ ვიცი, რად  დაგპირდი იმაზე მეტი...
ლექსების გარდა არაფერი მქონდა არასდროს, 
ღამე ვარსკვლავებს მიაქანებს ღრუბლების ეტლით,
მე -  შენ და ბათუმს, ვით სიცოცხლეს- ისე გდარაჯობთ...

ჩვენ მივდიოდით და თბილ სუნთქვას ვტოვებდით უკან,
შენი სიცილის მელოდია დაიწყო ისევ,
ქარი წელში ხრის  ხეებს, მერე  ფოთლებზე  უკრავს -
წვიმის სტოკატო,  ღამე მღერის,  მე-კი შენ გისმენ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი