ბელის


წასვლა არ არის მარტივი და შენ თუ გგონია,
რომ შენი წასვლით გაითხრიან სხვები სამარეს,
თოვლი თეთრია გამუდმებით,
თოვლი თოვლია,
კაცი კაცია, მაგრამ სხვისას ნუ დააბრალებთ.

როცა ყელშია გაჩხერილი წლების კოლაჟი,
(როცა თვალებში დედამიწა აღარ ეტევა)
როცა ჟანგბადი საკმარისი არის ოთახში
და როცა სიკვდილს არ სჭირდება გულის შეტევა

და არ ჭირდება ბევრი ფიქრი და არც მჭიდები
ოღონდ ისუნთქო ყველაფერზე შენ ხარ თანახმა
და ისეთი ხარ გამუდმებით ყველას ჭირდები,
თუ არ ჭირდები, დაჭირდები როცა არა ხარ.

არ დასრულდები, გაგიხსენებს ისევ შენები,
უნდა იცოდე ყველა ქუჩა სანამ გადახვალ.
თუ ფრთები არ გაქვს, შენ გაშალე მაშინ ხელები
და თუ ფრთები გაქვს, ვისთვის ხარ და ვისთვის არახარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი