გაფითრებული განთიადი
გამთენიისას, ალისფერ ნისლში, კრთიან ალვები, ტანაშლილები წელიწადები გადიან ისე, ვით ცრემლიანი პანაშვიდები გაცეცხლებულმა ოლიმპიელმა სიბრაზის დიდხანს ჰყარა ისრები ნაქარიშხლალი სული დამშვიდდა, ვით ტონი მშრალი პარაკლისების. გადაიწვიმა, გადაიმზევა სხვა გლოვებიც და სხვა ფერხულებიც ახლა სიჩუმეს აძლევენ ნიშანს შენი პატარა ნაფეხურები, გადაშლის მერე ტიტების საბანს ამღერებული ფიქრები ქარის და სარეცლიდან მიწაზე ნაზად გადმოაბიჯებს ცისფერი ქალი. შემოაგებებს მამაუფალი ღვთისმშობლის ხელით წმინდა სასანთლეს წამოვარდება ღამე დამფრთხალი და აეკვრება ზურგით გასასვლელს ახარხარდება უცებ დევების და ურჩხულების ავი ხელმწიფე წაეტანება შავი ხელებით, გზას დაუტოვებს მხოლოდ ზეცისკენ... უცებ გასკდება ხელი გაწვდილი ლოდების სამტროდ დაძრულ გუნდებთან, დაენარცხება ქვებზე აპრილი და შვილმკვდარივით აზლუქუნდება. მარადისობის დაღლილ მზერაში აკიაფდება ჯვარცმა ზარების და ნამუსახდილ მშვენიერებას დაეხუჭება ტანჯვით თვალები. ...იქ, სადაც ერთხელ ულმობელობამ უსუსურობა ათრია თმებით, გაფითრებულნი, როგორც მკვლელები, შენ მოგელიან განთიადები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი