ჰარმონიული წყობა სახელმწიფოსა და ადამიანში (პლატონის ,,სახელმწიფო"-ს მიხედვით)
პლატონის არაერთ თხზულებათაგან, თავისი მნიშვნელობით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ,,სახელმწიფო". მასში ვხვდებით აზროვნების ყველა იმ მიმართულებას, რომელიც, პრაქტიკულად, ყველა ფილოსოფიური დისციპლინისთვისაა დამახასიათებელი: ეთიკურს, ესთეტიკურს, პოლიტიკურ ფილოსოფიურს, ანთროპოლოგიურს და ა.შ. მე მსურს ვისაუბრო იმ ძალიან მნიშვნელოვანი პარალელის შესახებ, რაც ამ კლასიკურ თხზულებაშია წარმოდგენილი. აღნიშნული პარალელი გულისხმობს სახელმწიფოსა და კონკრეტული ადამიანის მსგავს გზებს სრულყოფილებისაკენ, ჰარმონიული წყობისაკენ, რაც, უმთავრესად, მმართველობის რაციონალურ დარეგულირებაში გამოიხატება. რაციონალური მსჯელობის შედეგად, პლატონის ,,სახელმწიფო"-ში სოკრატე და მისი თანამოსაუბრენი თანხმდებიან, რომ სახელმწიფოს მართვა უნდა დაეკისროთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც პატარობიდანვე აქვთ წყურვილი შემეცნებისა და სიყვარული სიბრძნისა. მათ უნდა გააჩნდეთ შესაბამისი გონებრივი, მენტალური თვისებები, რათა გაიზარდონ ფილოსოფოსებად, სახელმწიფოს ღირსეულ მცველებად, და, საბოლოო ჯამში, მმართველებად. მმართველთა არისტოკრატიული ჯგუფი, აუცილებლად უნდა შედგებოდეს თითოეული ისეთი წევრისაგან, რომელთა ფილოსოფოსობა, დიდი განსწავლულობა ეჭვქვეშ არ დგებოდეს. მსგავსად სახელმწიფოს მმართველებისა, ადამიანის სულშიც ის საწყისი უნდა მმართველობდეს, რომელიც ყველაზე მეტად ახლოსაა სიბრძნესთან, ჭეშმარიტების წვდომასთან. თუ სახელმწიფოში რჩეული ადამიანები არიან ღირსნი მართონ ქვეყანა, ადამიანის სულში ასეთი პატივი გონიერ საწყისს ენიჭება. გონიერი საწყისი ყველაზე ღვთიური ნაწილია ადამიანის სულში. ის არის ცნობიერი ,,მე", რომელმაც ყველა სხვა საწყისზე და სულის სხვა ნაწილებზე და თვისებებზე მეტი იცის, რადგან თვითონაა ცოდნა საკუთარი თავისა. რადგანაც მას აქვს სრული უპირატესობა სულის საწყისთა შორის სიბრძნესთან ზიარების საქმეში, კანონიური და ლეგიტიმურია, რომ ჩაითვალოს სუვერენულ ხელისუფლად ადამიანის სულში. სულში გონიერი საწყისის ყველაზე დიდი მტერი ვნებითი საწყისია. ის თავისი არაგონივრული სურვილებით ათრობს, ადუნებს გონებას და თავის ნებაზე ატარებს მას. ეს იმას ჰგავს, სახელმწიფოში სუვერენულ მეფეს თავისი ქვეშევრდომნი რომ სხვადასხვა მანქანებით გონებას ურევდნენ, რეალობის აღქმის უნარს აკარგვინებდნენ და თავიანთ ნებაზე ათამაშებდნენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი