რა არის ფილოსოფია და მისი შემადგენელი ნაწილები
აზროვნების უნარი არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ადამიანისა სხვა ინსტინქტურ არსებათაგან. ამ უნარის წყალობით, ადამიანს თანდათანობით უყალიბდება ცნობიერება. ის არამარტო გრძნობს საკუთარ არსებობას (როგორც ცხოველი), არამედ აცნობიერებს მას. იცის რა საკუთარი არსებობა, იცის მოსალოდნელი სიკვდილიც. ხშირად მიფიქრია, რომ ცხოველმა საკუთარი არსებობა რომ იცოდეს, მაშინ მოსალოდნელი სიკვდილიც ეცოდინებოდა. ეს ცოდნა მას ფიქრში ჩააგდებდა და შესაძლოა მისგან ფილოსოფოსი დამდგარიყო. ფილოსოფოსი განსაკუთრებული წესით მოაზროვნეა, რომელიც დაინტერესებულია ცოდნით თავისთავად და არა სხვა რაიმე მიზნის გამო. ფილოსოფია განყენებული აზროვნებაა. განყენება ხდება ვიწრო ყოფითი ფიქრებისგან და ფიქრის ობიექტი ხდება საგანთა არსი, ცხოვრების საზრისი, სიკვდილის რაობა, თავად ისიც, რითაც ამ საკითხებზე ფიქრობს სუბიექტი - აზროვნება, ღმერთი, სამყარო და ა.შ. ტერმინი ,,ფილოსოფია" ორი ბერძნული სიტყვის ,,ფილია"-სა და ,,სოფია"-საგან არის შედგენილი და სიტყვა-სიტყვით, სიბრძნის სიყვარულს ნიშნავს. ზუსტად არ არის დადგენილი, თუ ვინ გამოიყენა ეს ტერმინი პირველად, თუმცა ცნობილია, რომ ძვ.წ. მე-6 საუკუნეში პითაგორამ გამოიყენა ტერმინი ,,ფილოსოფოსი", როცა საკუთარ თავს სიბრძნის მოყვარე უწოდა. მე-20 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი თავის ნაშრომში - ,,რა არის ეს ფილოსოფია?" - აღნიშნავს, რომ ფილოსოფია და ფილოსოფოსობა წმინდა ბერძნული ფენომენებია და მიიჩნევს, რომ ბერძნული ენა მეტია, ვიდრე ენა, და რომ ის რაღაც იდუმალის შემცველია. მას მიაჩნია, რომ ეს იდუმალი ფილოსოფიის სათავეს შეიცავს. დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე გაკვირვებას მიიჩნევდა არხედ ფილოსოფიისა. ის ამბობდა: ,,გაკვირვებაში აღწევდნენ ადამიანები, როგორც ახლა, ისე თავდაპირველად, გაბატონებულ გამოსავალს ფილოსოფოსობისას." სიბრძნის სიყვარული არის ცნება, რომელშიც სუბიექტისა და ობიექტის მიმართება აშკარაა. მოყვარული არის სუბიექტი, რომლის სიყვარული მიმართულია ობიექტისადმი - სიბრძნისადმი. ეს ნათელს ხდის სიბრძნის ობიექტურობას. რა არის სიბრძნე? რა უყვარს ფილოსოფოსს? სიბრძნე არის საგანთა არსში წვდომა. არსთა ზეარსში, მიზეზთა პირველმიზეზში წვდომა განაპირობებს ჭეშმარიტების ფლობას. სიბრძნე და ჭეშმარიტება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში და მნიშვნელობით ძალიან ახლოს მყოფი ცნებებია. ჭეშმარიტება არის ადამიანის გონებისაგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური სინამდვილის აბსოლუტური სიზუსტით ასახვა, არეკვლა გონებაში. ფილოსოფოსი მიელტვის ჭეშმარიტების ფლობას. ფილოსოფია არის უზოგადესი, ყველაზე ღრმა მეცნიერება. მას არ აქვს ერთი გამოკვეთილად მთავარი კვლევის ობიექტი, ამიტომ ფილოსოფია იყოფა ბევრ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფ და, ამავდროულად, განსხვავებულ ნაწილად. ფილოსოფიის ძირითადი ნაწილებია: ონტოლოგია, გნოსეოლოგია და ეთიკა. ტერმინი ,,ონტოლოგია" ორი ბერძნული სიტყვის სინთეზია და ყოფიერების შესახებ მოძღვრებას ნიშნავს. ონტოლოგიის კვლევის ობიექტია არსებობა, როგორც დროსა და სივრცეში მოქცეულის, ასევე აღნიშნულ კატეგორიათა მიღმურისა. სივრცე-დროით კატეგორიებში მოქცეულის შესახებ მოძღვრებას ანტიკურობაში ფიზიკას უწოდებდნენ, ხოლო დროისა და სივრცის მიღმიერის შესახებ მოძღვრებას - მეტაფიზიკას. დღეს მეტაფიზიკა ონტოლოგიის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა. ონტოლოგიას აინტერესებს ის, თუ რა არის არსებობა, რა არის არსებობის განმაპირობებელი უმთავრესი მიზეზი. ონტოლოგიური მეცნიერება სვამს კითხვას: რატომ არსებობს რაიმე, ნაცვლად იმისა, რომ არაფერი არსებობდეს? ამგვარი ინტერესის აღძვრა ბევრ ადამიანში გამხდარა ფილოსოფოსობის უმთავრესი მიზეზი. ონტოლოგიის ძირითადი ინტერესის სფეროა ის, თუ რა არის საგანთა, ყოველივე არსებულთა უპირველესი ქვემდებარე, არსი ანუ სუბსტანცია. სუბსტანცია საგანთა ცვალებადობის უცვლელი ქვემდებარეა, რომელიც მუდამ არსებობს და განაპირობებს სხვათა არსებობას. იგი არის ისეთი არსებული, რომელიც არაფერზე არ არის დამოკიდებული, თვითონვე განსაზღვრავს თავის თავს და ყველაფერს სხვას. სუბსტანციის ცნება უკავშირდება სულს, მატერიას, დროსა და სივრცეს. ფილოსოფიის ამ დარგში დიდად მნიშვნელოვანი თხზულებებია: პლატონის ,,პარმენიდე", არისტოტელეს ,,მეტაფიზიკა", ჰაიდეგერის ,,ყოფიერება და დრო" და ა.შ. გნოსეოლოგია ბერძნული წარმოშობის ტერმინია და შემეცნების შესახებ მოძღვრებას ნიშნავს. ის დაინტერესებულია ადამიანური შემეცნების საზღვრებით, შემეცნების პროცესით, ცოდნის, ჭეშმარიტების რაობით და ა.შ. გნოსეოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა. მან თავის უმთავრეს ნაშრომში - ,,წმინდა გონების კრიტიკა" - დაადგინა ადამიანური შემეცნების საზღვრები. კანტმა მეტაფიზიკა რწმენის სფეროდ გამოაცხადა. მისი აზრით, ადამიანის შემეცნებითი უნარები ვერ წვდება დროისა და სივრცის მიღმურ რეალობას. კანტმა განასხვავა თეორიული და პრაქტიკული გონება. ფილოსოფიის ამ ერთ-ერთ უმთავრეს დარგში გამოიყოფა შემეცნების სამი მეთოდი: დოგმატიზმი, სკეპტიციზმი და კრიტიციზმი. ,,დოგმა" ბერძნული სიტყვაა და შეხედულებას, გადაწყვეტილებას ნიშნავს. დოგმატური მიდგომა შემეცნებისადმი გულისხმობს შემეცნების პროცესში მიღებული ინფორმაციების ეჭვშეუვალ აქსიომებად მიღებას. დოგმატიზმის საწინააღმდეგო გნოსეოლოგიური მეთოდი არის სკეპტიციზმი. ამ ფილოსოფიური მიმართულების კლასიკური გაგებისთვის დამახასიათებელია ყველაფერში ეჭვის შეტანა. სკეპტიკოსისთვის არაფერია უეჭველი და სანდო. წმინდა სკეპტიკური პოზიციაა: არაფერია უეჭველი და სრულიად სანდო, მათ შორის ისიც, რომ არაფერია უეჭველი და სრულიად სანდო. იმანუელ კანტი აკრიტიკებს როგორც დოგმატიზმს, ისე უკიდურეს სკეპტიციზმს. ის საჭიროდ თვლის, რომ სანამ შემეცნებას დაიწყებდეს ადამიანი, მან უნდა გამოიკვლიოს ადამიანის შემეცნებითი უნარები, ის, თუ რისი შემეცნება შეუძლია და რისი - არა. კანტი შემეცნების თეორიაში აფუძნებს მეთოდოლოგიურ კრიტიციზმს. ეთიკა არის მოძღვრება მორალის, ზნეობის შესახებ. პირველად ეს ტერმინი არისტოტელეს გამოუყენებია, რომელმაც ეთიკურ საკითხებს მიუძღვნა თავისი ცნობილი თხზულება - ,,ნიკომაქეს ეთიკა". ეთიკა სვამს კითხვებს: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა? რა არის მორალი და ზნეობა? რა არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა? ეთიკა იყოფა სამ ძირითად ნაწილად: მეტაეთიკა, ნორმატიული ეთიკა და გამოყენებითი ეთიკა. მეტაეთიკა არის თეორიული მეცნიერება, რომელიც სწავლობს ეთიკის არსს, მის და მასთან დაკავშირებულ ცნებათა წარმოშობას. ნორმატიულ ეთიკას პრაქტიკული მიზნები გააჩნია. იგი მიზნად ისახავს იმ მორალურ სტანდარტთა დაფუძნებას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ქცევათა რეგულირება. გამოყენებითი ეთიკა დაინტერესებულია სპეციფიკური პრობლემებით. ის ცდილობს ეთიკურად გადაჭრას ცხოვრებაში მრავლად არსებული დილემური სიტუაციები, მაგალითად: სიკვდილით დასჯის საკითხი, სუროგაცია, ევთანაზია და ა.შ. ეთიკის დარგში, აგრეთვე, მნიშვნელოვანი თხზულებებია: პლატონის ,,სახელმწიფო", ჯონ სტიუარტ მილის ,,თავისუფლების შესახებ", იმანუელ კანტის ,,ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება" და ,,პრაქტიკული გონების კრიტიკა" და ა.შ. აღნიშნულთა გარდა, ფილოსოფიის დარგებია: ესთეტიკა, ფილოსოფიური ანთროპოლოგია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია და ა.შ. ესთეტიკა არის მოძღვრება მშვენიერების შესახებ. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ,,აისთეზის", რაც გრძნობადობას ნიშნავს. ესთეტიკის, როგორც ცალკეული ფილოსოფიური დისციპლინის ფუძემდებელია გერმანელი ფილოსოფოსი ალექსანდრ გოტლიბ ბაუმგარტენი. აღნიშნული დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გერმანული კლასიკური ფილოსოფიის დიდ წარმომადგენლებს: იმანუელ კანტს და ფრიდრიხ ჰეგელს. ჰეგელს ეკუთვნის საკმაოდ მოცულობითი ნაშრომი - ,,ესთეტიკა". ფილოსოფიური ანთროპოლოგიის კვლევის ობიექტია ადამიანი, მისი არსი, როლი ყოფიერებაში, მიმართება სხვა ადამიანებთან, ღმერთთან, გარემომცველ სამყაროსთან და ა.შ. საკუთრივ ფილოსოფიის ამ დარგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ ისეთ ფილოსოფიურ თხზულებებს, როგორიცაა: მარკუს ავრელიუსის ,,ფიქრები", ბლეზ პასკალის ,,აზრები", ალბერ კამიუს ,,სიზიფეს მითი" და ა.შ. პოლიტიკის ფილოსოფია სწავლობს პოლიტიკის არსს, სახელმწიფოსა და ადამიანის მიმართებას, ძალაუფლებას, სამართლიანობას და ა.შ. ამ დარგისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პლატონის ცნობილი ფილოსოფიური თხზულება ,,სახელმწიფო" ( ეს თხზულება თითქმის ყველა ფილოსოფიურ მიმართულებას შეიცავს), სადაც განხილულია სახელმწიფოს მმართველობის ფორმები. მათ შორის საუკეთესოდ, სოკრატეს მიერ, მიჩნეულია არისტოკრატია, რომელიც რჩეულთა, საუკეთესოთა მმართველობას გულისხმობს. პოლიტიკურ ფილოსოფიაში, აგრეთვე, მნიშვნელოვანი თხზულებებია: ჯონ ლოკის ,,ორი ტრაქტატი მმართველობის შესახებ", შარლ დე მონტესკიეს ,,კანონთა გონი", ნიკოლო მაკიაველის ,,მთავარი" და ა.შ. რელიგიის ფილოსოფიის შესწავლის საგანია ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა. ამ დარგში მოღვაწე ფილოსოფოსთათვის ყველაზე დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს იმის გაგება, არის თუ არა ღმერთის არსებობის დასაბუთება შესაძლებელი, და თუ არის - როგორ. აღნიშნული ფილოსოფიური დისციპლინისთვის მნიშვნელოვანი ნაშრომებია: იმანუელ კანტის ,,რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში", ფრიდრიხ ჰეგელის ,,გონის ფილოსოფია", სიორენ კირკეგორის ,,სატანჯველის სახარება" და ა.შ. ღმერთის არსებობის დამტკიცების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია შუა საუკუნეების ეპოქაში მოღვაწე ბერის, ფილოსოფოსისა და თეოლოგის ანსელმ კენტერბერიელის ნაშრომები: ,,მონოლოგიონი" და ,,პროსლოგიონი". პირველში ავტორს მოჰყავს ღმერთის არსებობის დამამტკიცებელი აპოსტერიორული არგუმენტები, ხოლო მეორეში - ე.წ. ონტოლოგიური არგუმენტი. მეცნიერების ფილოსოფიის კვლევის ობიექტია მეცნიერების ფენომენი და მისი ადგილი თანამედროვე ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ფილოსოფიის სიღრმეებში ჩაძირვა ეხმარება ადამიანს იმაში, რომ მისი ცხოვრება, ყოველდღიური საქმიანობა, გადაწყვეტილებები ეფუძნებოდნენ გონების პრინციპებს, იყვნენ მეტ შესაბამისობაში ობიექტურ ზნეობრიობასთან, მარადიულ ღირებულებებთან. არაფერს არ გააჩნია ისეთი შესაძლებლობა ადამიანის უკეთესობისკენ გარდაქმნის, მისი ცნობიერების მაღალ დონეზე აყვანისა, როგორც ფილოსოფიურ, ღვთაებრივ შემეცნებას. ქრისტიანობაში ბერძნული ,,სოფია" (სიბრძნე) შეესაბამება ძე ღმერთს. ის ეუბნება თავის მოწაფეებს: ,,თქვენ უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით." სიტყვა, სწავლება, შემეცნება ადამიანს თანდათანობით წმენდს უკეთური მიდრეკილებებისგან, ამაოებებზე მიჯაჭვულობისაგან და მას მეტად ზნეობრივს ხდის. რაც მეტად ძლიერია ადამიანის ცნობიერება, მით მეტად თავისუფალია ადამიანი. ზნეობა თავისუფლების გარეშე არ არსებობს. აზროვნების ისტორიის განმავლობაში მრავალი დილემის წინაშე დამდგარან ფილოსოფოსები. ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ხშირად შეჯახებია ერთმანეთს. ეს დიალექტიკის განვითარებას უწყობს ხელს. სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ფილოსოფოსები კამათობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სამყაროს სუბსტანციის პრობლემა, უნივერსალიების პრობლემა, ჭეშმარიტების პრობლემა, დეტერმინიზმი და ა.შ. სამყაროს სუბსტანციის პრობლემა არის იგივე პირველსაწყისის საკითხი. ამ საკითხის განხილვისას ხდება შემდეგი კითხვების დასმა: სამყარო თავისთავადია? სამყარო შექმნილია ვინმეს ან რაიმეს მიერ? რამდენი საწყისი აქვს სამყაროს? ფილოსოფოსს აინტერესებს ერთი უზოგადესი პრინციპი, რომელიც ახსნის მთელი სამყაროს არსებობის მიზეზს. ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც სამყაროს ხსნის ერთი საწყისიდან, მონიზმად იწოდება. მონიზმის პირველი კლასიკური წარმომადგენელია პარმენიდე ელეელი. ახალ დროში კი ფილოსოფიური მონიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია წარმოშობით ებრაელი ნიდერლანდელი ფილოსოფოსი ბარუხ სპინოზა. აღნიშნული ფილოსოფიური მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებებს წარმოადგენენ დუალიზმი და პლურალიზმი. პირველი მათგანი სამყაროს ორი საწყისის არსებობას მიიჩნევს მართებულად, ხოლო მეორე - მრავალი საწყისის არსებობას. უნივერსალიების საკითხთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმდინარეობა: ნომინალიზმი და რეალიზმი. ნომინალიზმის მიხედვით, ზოგადი გვარები, ცნებები, იდეები არსებობენ მხოლოდ გონებაში და ისინი აზრის ობიექტები არიან. რეალიზმი კი მიიჩნევს, რომ უნივერსალიები არსებობენ როგორც გონებაში, ასევე მისგან დამოუკიდებელ სინამდვილეში. ამ მხრივ, ყველაზე დიდი რეალისტი არის პლატონი, რომელსაც ეკუთვნის თეორია იდეათა ჭეშმარიტი რეალობის შესახებ. მეტიც, პლატონის აზრით, ხილული რეალობა არის ფარდობითად ჭეშმარიტი, ის არსისა და არარსის სინთეზია, ხოლო იდეების ჭეშმარიტი რეალობა აბსოლუტური არსია. ჭეშმარიტების საკითხში ყველაზე დილემურია ჭეშმარიტების სუბიექტურ-ობიექტურობის საკითხი. ჭეშმარიტების რელატიურობისა და სუბიექტურობის მომხრე იყო ანტიკური ეპოქის ბერძენი ფილოსოფოსი, სოფისტური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი პროტაგორა. მისი ცნობილი თეზისია: ,,ადამიანი არის ყველა არსებულის საზომი." პროტაგორას ყველაზე მეტად აკრიტიკებენ სოკრატე და პლატონი. მათ პროტაგორა სენსუალისტად მიაჩნდათ. პლატონი ამტკიცებს, რომ საყოველთაო ჭეშმარიტება არ არის დამოკიდებული ადამიანის გონებაზე. სამყარო და ჭეშმარიტება ადამიანის გონებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. მწვავე დილემის წინაშე დგება მოაზროვნე წინასწარგანსაზღვრულობისა და თავისუფალი ნების საკითხთა გამო. წინასწარგანსაზღვრულობის თეორიას, რომელიც სხვადასხვა მიმართულებად იყოფა, დეტერმინიზმი ეწოდება. აღნიშნული წარმოადგენს ფილოსოფიურ მრწამსს, გარკვეულ მეთოდოლოგიურ მიდგომას, რომლის თანახმადაც, ყველა მოვლენა მიზეზობრივადაა განსაზღვრული. დეტერმინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: ანტიკურობაში - დემოკრიტე, ახალ დროში - სპინოზა და ლაიბნიცი. ბარუხ სპინოზას აზრით, შედეგი მოცემულია მიზეზში მზა სახით. ჩემი აზრით, თუ სპინოზას ეს აზრი ჭეშმარიტებას შეესაბამება, მაშინ შედეგი მიზეზში უნდა იყოს მოცემული, როგორც წმინდა და გარდაუვლად გამოვლინებადი პოტენცია. დეტერმინიზმის საწინააღმდეგო მიმართულება არის ინდეტერმინიზმი. ეს მიმართულება უშვებს უმიზეზო მოვლენების არსებობას. გარკვეულწილად, შესაძლებელია პირველსაწყისი სუბსტანციაც ჩაითვალოს უმიზეზო მოვლენად, რადგან მისი არსებობა არ წარმოადგენს რაიმეს შედეგს; თუმცა არის რა საკუთარი თავის თვითმიზეზი, შესაძლოა საკუთარი თავისვე შედეგად ჩაგვეთვალა. ცხადი კი ის არის, რომ ის არ წარმოადგენს ჩვეულებრივად გაგებულ მიზეზობრიობას და აშკარად განსხვავდება მისგან. უმიზეზო მოვლენების ნიმუშად ინდეტერმინისტები თვლიან თავისუფალ ნებას. კანტის აზრით, თავისუფალი ნებით ახდენს ადამიანი საკუთარი თავის თვითდამკანონებელ არსებად ჩამოყალიბებას. თვითდაკანონება წარმოადგენს თავისუფლების აქტს, რომელიც არცერთი კანონით ან მიდრეკილებით არ არის განსაზღვრული. ინდეტერმინიზმის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად მიჩნეულია ინგლისელი ფილოსოფოსი დევიდ ჰიუმე. ძირითადად თავისუფალი ნების პრიმატზე დაფუძნებულ ინდეტერმინიზმს ვხვდებით ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებთან: ბერდიაევთან, შესტოვთან, სარტრთან და ა.შ. ფილოსოფია ძალიან კომპლექსური მეცნიერებაა, რომელსაც ზოგი უპირველეს მეცნიერებად თვლის, ზოგი კი საერთოდ არ მიიჩნევს მეცნიერებად. აკადემიურ ფილოსოფიას გააჩნია საკუთარი კვლევის მეთოდები და ობიექტები, შესაბამისად, შესაძლებელი მგონია, რომ ჩაითვალოს მეცნიერებად. მაშინ, როდესაც სხვა მეცნიერებანი სწავლობენ სამყაროში გამოვლენილ შედეგებს, ფილოსოფიის სიღრმე აღწევს უპირველესი მიზეზების ჭვრეტას. გამოყენებული ლიტერატურა: ,,ახალი აღთქმა და ფსალმუნები" (სტოკჰოლმი 1991); ზურაბ ხასაიას ,,ფილოსოფიის ძირითადი ცნებები და პრობლემები"; ირაკლი ბრაჭულის ,,რელიგიის ფილოსოფია"; მარტინ ჰაიდეგერის ,,რა არის ეს ფილოსოფია?"; პლატონის ,,სახელმწიფო"; სავლე წერეთლის ,,ნარკვევები ფილოსოფიის ისტორიაში" (1-ლი ტომი).
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი