ქრისტიანული ეთიკა და კანტის ზნეობის მეტაფიზიკა


ეთიკა არის ფილოსოფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დისციპლინა, რომელიც გულისხმობს ზნეობრივ პრინციპებზე და ქცევის ნორმებზე დაფუძნებულ მორალურ სისტემათა შესახებ მოძღვრებას. როგორია ქრისტიანული მორალური სისტემა? ქრისტიანული ეთიკის, როგორც ასეთის, სულის ჩამდგმელია იესო ქრისტე. მის მოსვლამდე უკვე დაწერილი იყო რჯულის კანონები, წინასწარმეტყველთა წიგნები, ფსალმუნები. მათი ჭეშმარიტება ქრისტეს არ უარყვია, პირიქით, მან თქვა, რომ მოსულია რჯულის აღსასრულებლად. ქრისტე რჯულის კანონებს მეტ სიცოცხლეს და ქმედითობას სძენს. რჯულში წერია: 'არა კაც კლა!' იესო კი ამბობს, რომ ვინც უმიზეზოდ განურისხდება ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ასევე წერია რჯულში: 'არ იმრუშო!' ქრისტე კი ამბობს, რომ ვინც გულისთქმით შეხედა ქალს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 
 ქრისტიანული ზნეობრივი სრულყოფის გზა თავისუფლებაზე გადის. ვინც სრულად მართავს თავს, თავის ფიქრებს, სურვილებს, ქცევებს, ის არის თავისუფალი და, შესაბამისად, ზნეობრივად სრულყოფილი. როდესაც ქრისტემ უთხრა ფარისევლებს, რომ ჭეშმარიტების შეცნობა გაგათავისუფლებთო, ფარისევლებმა საყვედურით მიუგეს, რომ აბრაამის შვილები ვართ და არავის მონები არ ვყოფილვართო. ქრისტემ კი მიუგო მათ: ,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა." ადამიანის თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ იგი არის არას მთქმელი არსება. ხშირად ადამიანი, თუნდაც ხვდებოდეს, რომ მისი სურვილები არ შეესაბამება არათუ ობიექტურ ზნეობრივ პრინციპებს, არამედ საკუთარსაც კი, მაინც ვერ ამბობს მტკიცედ - არას - და აგრძელებს საკუთარი სურვილებისა და მიდრეკილებების მონობაში ცხოვრებას.
 კაცთა შორისი სათნოების, თანაგრძნობისა და ზნეობის მწვერვალს წარმოადგენს ქრისტეს სიტყვები, რომელთა არსიც ბიბლიურ ოქროს წესად მოიხსენიება: ,,როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ." ამ მოწოდებაში, ისევე, როგორც შემდეგ შეგონებებში: ,,გიყვარდეთ თქვენი მტრები", ,,სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს", ,,აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს", ჩანს ზეგრძნობადი სიყვარულის იდეა. ეს არის სიყვარული, რომელიც გრძნობებზე და ემოციებზე მაღლაა და რომელიც შეგნებაშია დავანებული, როგორც სიბრძნე.
 ქრისტესთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს შეეძლოს პატიება. რაც არ უნდა პატიების უღირსად ჩანდეს ადამიანი, ქრისტე მაინც გვავალდებულებს, რომ მას ვაპატიოთ, რადგან სულ უნდა გვახსოვდეს ჩვენი უღირსობა, და ის, რომ არც ჩვენ ვართ ღირსნი პატიებისა ღმერთის მიერ, მაგრამ, თუკი ვთხოვთ მას, გვაპატიებს, იმ პირობით თუ ჩვენც ვიქნებით მპატიებელნი თანამდებთა ჩვენთა და მოწყალენი. ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესოა სახარების ერთ-ერთი სიუჟეტი, როცა პეტრე მიდის იესოსთან და ეკითხება: ,,უფალო, რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს, შვიდჯერ?" იესომ უთხრა: ,,მე არ გეუბნები, შვიდჯერ მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ." ,,ამიტომ ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეკაცს, რომელმაც მოისურვა თავისი მონებისთვის ანგარიშის გასწორება. როცა დაიწყო ანგარიში, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც ათი ათასი ტალანტი ემართა მისი. და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბატონმა ბრძანა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც რამ ებადა, და გადაეხადა. მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. ბატონს შეებრალა ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი ამხანაგი მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო. პირქვე დაემხო ამხანაგი მონა, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო. მაგრამ მან არ ინდომა, არამედ წავიდა და ჩააგდო იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა. მისმა ამხანაგმა მონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და აუწყეს ყოველივე მომხდარი. მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: 'ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე შენი მთელი ვალი გაპატიე. განა შენ არ გეკადრებოდა შეგეწყალებინა შენი ამხანაგი მონა, როგორც მე შენ შეგიწყალე?" განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ თავის ვალს გადაიხდიდა. ასევე მოგექცევათ თქვენ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს." ქრისტეს ამ იგავის არსი ნათლად გადმოსცემს ლოცვა ,,მამაო ჩვენო"-ში დაწერილი სიტყვების არსს: ,,მოგვიტევე თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა."
 ქრისტიანული მორალური კანონები დაფუძნებულია ორ უდიდეს მცნებაზე: ,,შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა." და მეორე ამის მსგავსი: ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი." იესო ქრისტე ამ მცნებებზე ამბობს, რომ მათზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. სიყვარული მთავარი თვისება და მდგომარეობაა ქრისტიანული ეთიკის გაპრაქტიკებისათვის. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ წერილში ამბობს: ,,არავისი არაფერი დაგედოთ ვალად, გარდა ერთიმეორის სიყვარულისა, ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. რადგან მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუ მოწმე, არ ინდომო და სხვა ამგვარნი შედის ამ სიტყვაში: 'გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.' სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა." იესო ქრისტე სიყვარულის მაგალითს აძლევს კაცობრიობას. ის ეუბნება თავის მოწაფეებს: ,,ესაა ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ."
 ჭეშმარიტი ქრისტიანული ეთიკა არის ქრისტეცენტრული. ქრისტე კაცობრიობისათვის წარმოადგენს სუფთა, ზნეობრივი ცხოვრების მაგალითს. იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: ,,მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასოდეს მოსწყურდება."
 ქრისტიანული ეთიკის მნიშვნელოვანი ასპექტია თავმდაბლობა, რომლის მაგალითს, ასევე იძლევა იესო ქრისტე. სახარებაში არის გადმოცემული სიუჟეტი, როცა მან თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და მან უთხრა მათ: ,,თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ, თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ." ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, თავის ამაღლებით სულმდაბალი ხდები, ხოლო თავის დამდაბლებით მაღლდები სულიერად. მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს: ,,თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს, რადგან ვინც თავს აიმაღლებს დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს ამაღლდება." 
 ქრისტიანულ ეთიკაში მნიშვნელოვანია თვითცნობიერების აქტი. თვითცნობიერება, როგორც საკუთარი თავის კრიტიკულად დანახვის უნარი. ადვილია სხვის თვალში, თუნდაც მცირე ზომის ბეწვის დანახვა, როცა საკუთარ თვალში, მონდომებისა და ძალისხმევის გარეშე, დირის დანახვაც კი უჭირს ადამიანს. ქრისტე, თავის მეტაფორულ სიტყვაში, ადამიანს, რომელსაც სურს თავისი ძმის თვალიდან ბეწვის ამოღება, ეუბნება: ,,თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან დირე ამოიღე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან."
 ზნეობრივი სრულყოფის გზა, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, არ არის განიერი და ია-ვარდით მოფენილი, არამედ ვიწრო და ეკლიანია. მაგრამ ამ ვიწრო და ძნელ გზას, სახარების მიხედვით, სიცოცხლისაკენ მიჰყავს ადამიანი.
 პავლე მოციქული ქრისტიანს მოუწოდებს ყოველდღე მოაკვდინოს ძველი, ხორციელი კაცი და გააცოცხლოს ახალი, სულიერი კაცი. ის თავის ეპისტოლეში ამბობს: ,,მუდამ სხეულში ვატარებთ უფალ იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს სხეულში გამოჩნდეს. ვინაიდან ჩვენ ცოცხლები, მუდამ ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც ჩვენს მოკვდავ ხორცში გამოჩნდეს."
 ქრისტიანული ეთიკა ძალიან რთულია შესასრულებლად, მაგრამ ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რაც კარგია, რთულია. ბედნიერება უმთავრეს მიზნად დაასახელა არისტოტელემ ადამიანისათვის, ასევეა ქრისტიანობაშიც. მთელი ქრისტიანული ეთიკის სიმძიმე ადამიანისთვის საშუალებაა გასრულყოფილებისათვის. სრულყოფის გზა არ არსებობს ტანჯვის გარეშე, რადგან ვინც არასრულყოფილია, ესეიგი ბევრი ნაკლოვანება აქვს და ამ ნაკლოვანებათა და სიცარიელეთა შევსება მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ასეთი მდგომარეობა მასში უამრავი გულისთქმის და სურვილის წარმომშობი ხდება. ხშირ შემთხვევაში, ამ სურვილთა ასრულება უფრო მეტად აუბედურებს მას. სახარება გვიჩვენებს ტანჯვის გზას სრულყოფილებისაკენ, იმ მდგომარეობისაკენ, როცა არაფერი გაკლია და არაფერი გინდა შენი საჭიროებისათვის. თუ ნებას ავლენ,მხოლოდ ისე, როგორც ღმერთი ავლენს თავის ნებას, მხოლოდ კეთილს. როგორც კანტი იტყოდა, მხოლოდ კეთილი ნებაა უპირობოდ კეთილი. ის თავისთავადი სიკეთის გამოვლინებაა.
 დიდი გერმანელი ფილოსოფოსი - იმანუელ კანტი თვლის, რომ ამ ცხოვრებაში ზნეობრიობით ბედნიერი ვერ იქნები, მაგრამ ისე უნდა იცხოვრო, რომ ღირსი იყო ბედნიერებისა. ქრისტიანული სწავლებით კი, ზნეობრივი და წმინდა ცხოვრებით აქაც შეიძლება, მართალია არასრულყოფილი გაგებით, მაგრამ მაინც ბედნიერი იყოს კაცი. იესო ქრისტე თავის ცნობილ ,,9 ნეტარებ"-ის ბოლო პუნქტში ამბობს: ,,ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგდევნიან, გაგლანძღავენ და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში."

 იმანუელ კანტი დაიბადა გერმანიის ქალაქ კიონიგსბერგში 1724 წელს. ის იზრდებოდა ლუთერანულ გარემოში და, შესაბამისად, ქრისტიანულმა ეთიკამ მასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. კანტის მთავარ ნაშრომებს ეთიკის სფეროში ,,ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნება" და ,,პრაქტიკული გონების კრიტიკა" წარმოადგენენ.
 კანტისთვის ტრანსცენდენტალური ფილოსოფია იყოფა ორ ნაწილად: არსებულის ფილოსოფია, რომელიც შეიმეცნება სპეკულაციური აზროვნებით და ჯერარსულის ფილოსოფია. პირველი ბუნების მეტაფიზიკაა, ხოლო მეორე - ეთიკა ანუ ზნეობის მეტაფიზიკა. ჯერარსული გულისხმობს იმას, რაც უნდა იყოს და არა იმას, რაც უკვე არის. კანტისთვის მორალი არის მეტაფიზიკური რეალობა და საჭიროა მისი არა თავიდან შექმნა, არამედ დაფუძნება. ადამიანი გონიერი არსებაა და მხოლოდ გონების საშუალებით შეუძლია მას შეაფასოს ქმედების მორალური ხასიათი. კანტის აზრით, ადამიანს გონება ნაბოძები აქვს იმისთვის, რომ მისი დახმარებით განხორციელდეს ის უმაღლესი მიზანი, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის, როგორც გონიერი არსების ბუნებიდან. ეს უმაღლესი მიზანი არის ზნეობა. ადამიანის დანიშნულება ზნეობრივი წყობის განხორციელებაა. ესაა მისი ვალდებულება. კეთილი ნება კი, რომელიც უპირობოდ კეთილად მიაჩნია კანტს, არის ის ნება, რომელიც ამ დანიშნულებას შეესაბამება, და რომელიც ადამიანმა გონების საშუალებით უნდა გამოიმუშავოს.
 კანტის მიხედვით, ადამიანს აქვს ნების პრინციპები, რომლებსაც იგი მაქსიმების სახელით მოიხსენიებს. თუ ადამიანი იტყვის, რომ ის არასოდეს ჩაიდენს პლაგიატს, გარდა უიშვიათესი შემთხვევებისა, მაშინ, როცა ძალიან უჭირს, კანტი ეტყვის ამ ადამიანს, რომ მან ჰიპოთეტურად დაუკანონა თავის თავს ის, რომ პლაგიატს არ ჩაიდენს და არა კატეგორიულად. ის მოუწოდებს მას, რომ დაფიქრდეს: ისურვებდა თუ არა, რომ მისი ეს ჰიპოთეტური იმპერატივი საყოველთაო კანონად იქცეს? ადამიანი ხშირად თავის თავს აძლევს იმ ქმედების ჩადენის უფლებას, რომელი ქმედებაც რომ ყველას ჩაედინა, არ მოეწონებოდა და ამას მხარს არ დაუჭერდა. კანტი ამბობს: მოიქეცი ისე, რომ შენი ნების უმაღლეს პრინციპს მუდამ ჰქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა. შენი საქციელი საყოველთაო კანონმდებლობის ნორმად უნდა გამოდგეს. ანუ მხოლოდ იმ მაქსიმის თანახმად იმოქმედე, რომელსაც ისურვებდი, რომ საყოველთაო კანონად ქცეულიყო.
 კანტი აყალიბებს კატეგორიული იმპერატივის თეორიას, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ურთიერთობის წესს. კატეგორიული იმპერატივი, განსხვავებით ჰიპოთეტურისაგან, დასახულ მიზანზე არ არის დამოკიდებული, იგი აბსოლუტური კატეგორიულობით ანუ ყველაფრის მიუხედავად მოითხოვს რაიმე პრინციპისადმი მორჩილებას. კატეგორიული იმპერატივის მაგალითებს წარმოადგენენ ღმერთის მცნებებიც: არ იპარო, არ იმრუშო და ა.შ. კატეგორიული იმპერატივის ყველაზე თვალსაჩინო და პოპულარული ფორმულირება არის შემდეგი: მოიქეცი ისე, რომ შენს მოქმედებაში კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს - მხოლოდ საშუალება. ყველა ადამიანი ყველა ადამიანისთვის წარმოადგენს ერთგვარ საშუალებას; მაგრამ ადამიანი ისევე, როგორც ყოველი გონიერი არსება თანაბრად პატივისცემის ღირსია ყოველ გონიერ არსებათა შორის. ის არის მიზანი თავის თავში. უზნეობა არ არის, როცა ადამიანები შენთვის წარმოადგენენ ერთგვარ საშუალებას, მაგრამ უზნეობაა, როცა ვინმეს შენ ჩათვლი მხოლოდ საშუალებად. მე ხომ არ მინდა, რომ ვიღაცისთვის ვიყო მხოლოდ საშუალება; ვიყო ის, რომელსაც მხოლოდ იყენებენ თავიანთი მიზნებისათვის. ასევე არ უნდა მინდოდეს, რომ სხვა ადამიანი იყოს ჩემთვის, როგორც მხოლოდ საშუალება და არ ვითვალისწინებდე მის მიზნებს. კატეგორიული იმპერატივის ამ ფორმულირებასა და ბიბლიურ ე.წ. ოქროს წესს შორის მნიშვნელოვანი შინაარსობრივი კავშირია. რადგან მოექცე სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ, ეს ნიშნავს, რომ არ მიიჩნევდე სხვა ადამიანს, როგორც შენთვის მხოლოდ საშუალებას.
 ადამიანი არის თვითდამკანონებელი არსება. ის ზნეობის საშუალებით მაღლდება ბუნების კანონზომიერებებზე, ფენომენური სამყაროს მკაცრ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვზე და უკავშირდება თავისთავადი ნივთების სფეროს, მეტაფიზიკურ რეალობას, რომელსაც კანტი ნუმენურს ანუ ადამიანის გონებისათვის შეუმეცნებადს უწოდებს.
 კანტის საფლავზე წერია შემდეგი სიტყვები: ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი