სინდისი
ბუნება მოკლებულია სიბრძნის ნათელს. სიბრძნეა საფუძველი ყოველგვარი ზნეობრივი ცნობიერებისა. ადამიანი, მთელი საკუთარი ლტოლვების, ინსტინქტებისა და სხვა მრავალი ცხოველური მიდრეკილების გამო, არის ბუნების განუყოფელი ნაწილი (მინიმუმ მანამ, სანამ მოცემულ სხეულში ცხოვრობს). ის, როგორც ცხოველი, ესწრაფვის ბუნების შესაბამის სიამოვნებებს (ზოგჯერ ანომალიურსაც). სიამოვნების მომნიჭებელია მისთვის ხორციელი სიტკბოებანი (სექსი, ჭამა, სმა), ძალაუფლება, საკუთარი ,,მინდა"-ს მუდმივ რეალიზაციაში ყოფნა და ა.შ. სიბრძნე განყენებულია ბუნებისაგან. სიბრძნეა შემოქმედი თავად ბუნებისა, შექმნილისაგან სრულიად სხვა, თუმცა, გარკვეული დოზით, მასში გამომვლინებელი საკუთარი თავისა. ადამიანი ბუნებაში არის ის არსება, რომელშიც ყველაზე მეტად ავლენს შემოქმედი საკუთარ თავს. ადამიანს არასოდეს აკმაყოფილებს მხოლოდ ცხოველური სიამოვნებანი. მას სჭირდება ბედნიერება. ის მუდმივად მიისწრაფვის ნეტარების მდგომარეობისკენ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და საკუთარი თავი და მთელი არსებობა სძულს) და ხშირად იმედგაცრუებული რჩება. ვერცერთი სიამოვნება, რომელსაც სთავაზობს მას ბუნება, ვერ ხდის მას ბედნიერს. ისინი წუთიერნი არიან. მოტყუებულია კაცი, რომელიც გალოთებულა, განარკომანებულა, მკვლელად თუ მრუშად ქცეულა. ერთადერთი გზა არის ბედნიერებისკენ მისასვლელი, რომელსაც კეთილგონიერი ცხოვრება ჰქვია. სიბრძნეს ჩადებული აქვს კეთილგონიერების უნარი კაცში. ადამიანმა, საკუთარ თავში ჩაღრმავებით, უნდა აღმოაჩინოს ეს უნარი, უნდა ნახოს, რომ მას აქვს სულში ისეთი რამ, რაც არ არსებობს ცხოველურ ბუნებაში. მას აქვს სინდისი. ადამიანის სულიერი ზრდის, ბუნებისაგან თანდათანობით განთავისუფლების პროცესი იწყება მაშინ, როცა ის იწყებს აზროვნებას იმის შესახებ, თუ ვინ არის ის. გულწრფელ აზროვნებაში საკუთარ თავთან ის დაინახავს, რომ მასში არის რაღაც, რაც სრულიად ეთანხმება ადამიანისგან დამოუკიდებელ ობიექტურ სიმართლეს; დაინახავს, რომ მასშია ის წერტილი, რომელიც მიუკერძოებელი მსაჯულია, რომელიც ამხელს არა მარტო სხვების უზნეო ქმედებებს, არამედ საკუთარსაც; და რაც უფრო ღრმად ჩაუკვირდება ამ წერტილს, აღმოაჩენს, რომ ის მხოლოდ მისი ბრალმდებელი ყოფილა. ის არის ადამიანში ჭეშმარიტი მრჩეველი, სიბრძნის სხივი, მოვლენილი ღმერთისგან. მას ეწოდება სინდისი. გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი მას საინტერესო განმარტებას აძლევს: ,,სინდისი ცნობიერებაა, რომელიც მოვალეობაა საკუთარი თავისთვის." რა ხშირად გაურბის ადამიანი მოვალეობებს! როგორი მძიმე ჯვარია უმწიფარი კაცისთვის ყოველგვარი მოვალეობა! მოვალეობებისგან გათავისუფლებისკენ მიილტვის და საკუთარი ცხოველური ბუნების მონა ხდება. სახარებაში სიბრძნე ამბობს: ,,ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება მე, არ არის ჩემი ღირსი." რა არის ადამიანისთვის ის ჯვარი, რომლითაც უნდა გაჰყვეს გზას, რომლის ბოლო სიბრძნის ღირს მდგომარეობამდე, ნეტარებამდე მიდის? - ეს ჯვარი არის გაღვიძებული სინდისი. როცა ადამიანი პასუხისმგებლობებს გაურბის, ის არ უსმენს მასში მყოფ ღვთაებრივ ნათელს, ის უგულებელყოფს სინდისის ხმას; სინდისს აძინებს, მას ართმევს პირველობას. ადამიანი ცხოვრობს აზრობრივი სტრუქტურებით გარემოცულ რეალობაში. აღნიშნული სტრუქტურები წარმოადგენენ სხვადასხვაგვარ იმპერატიულ ცნობიერებებს, რომლებიც კონკრეტული ადამიანის სულში სინთეზირდებიან, როგორც ამ ადამიანის ცნობიერების გარედან შემოსული უფრო მაღალი და ავტორიტარული ცნობიერება. ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი მას ზე-ცნობიერს უწოდებს. ის ადამიანის ფსიქიკაში მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღნიშნული ,,მაღალი" ცნობიერება ადამიანში შემოდის წიგნების, დაუწერელი კანონების, კულტურის, რელიგიის საშუალებით. ამ საშუალებათაგან თითოეული წარმოშობილია სინდისის მქონე არსებათა ნაფიქრალის თუ ნაცხოვრების შედეგად. მეტ-ნაკლებადაა მათში წარმოდგენილი სინდისისმიერი სწავლება. ნამდვილ სიბრძნესთან ის სწავლებაა წილნაყარი, რომელიც არანაირად არ ეწინააღმდეგება სინდისს. ყველა სწავლება ეფარება ჭეშმარიტის იერს. სიმართლის სახელით შეიძლება შეიქმნას ისეთი ამორალური სუბკულტურა, როგორიცაა ,,ქურდული" ან ისეთი სისხლიანი დაჯგუფებები, როგორებიც არიან რადიკალ ისლამისტთა ტერორისტული ბანდები. არც ქურდი და არც ტერორისტი არ ახორციელებს თვითცნობიერების აქტს. ცხოველურ ბუნებაში გამომწყვდეული (იმ ბუნებაში, რომელიც მიდრეკილია ბოროტებისკენ, რადგან ცოდვითაა გაჟღენთილი) ვერ იქნება აბსოლუტურად ზნეობრივი არსება, მაგრამ თუ ხშირად დაუსვამს საკუთარ თავს კითხვას, თუ ვინ არის ის და თუ არ უგულებელყოფს სინდისის ხმას, დაინახავს, თუ რაოდენ უსამართლობისა და უსინდისობის მსახური ყოფილა, თუ იყო ქურდი, მრუში თუ ტერორისტი. ქრისტიანულ პრაქტიკაში ადამიანი ორიენტირებულია იმისკენ, რომ საკუთარი სულით ეზიაროს ღმერთის სულს, აღივსოს სულიწმიდით. ქრისტიანული ღვთისმეტყველების მიხედვით, შეუძლებელია ღმერთის სული უწმინდურ არსებაზე გადავიდეს და ეს არსება ცოცხალი დარჩეს. სულიწმიდასთან ზიარებისთვის აუცილებელია, რომ ადამიანის გული იყოს სუფთა, რომ მისი ნებელობა გაურბოდეს ცოდვას. ქრისტიანული მცდელობა არის პირველ რიგში სინდისის გაღვიძების მცდელობა, რადგან გაღვიძებული სინდისის გარეშე, ადამიანი სულიწმიდას ვერ ეზიარება. სიბრძნის გულმხურვალე სიყვარული ეხმარება ადამიანს სინდისის გაღვიძებაში; მაგრამ მხოლოდ სიბრძნის სიყვარული არ კმარა, მას საკუთარი თავიც უნდა უყვარდეს და მოყვასიც, რათა გააღვივოს საკუთარ თავში ღვთაებრივი ნაპერწკალი, დაემორჩილოს მის ხმას და საკუთარი კეთილი, სინდისისმიერი საქმეებით იყოს ნათელი თავის მოყვასთა შორის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი