სული რენე დეკარტის ფილოსოფიაში


რენე დეკარტი არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაციონალისტი ფილოსოფოსი. იგი ახალი დროის ფილოსოფიური ეპოქის ერთ-ერთი ფუძემდებელია. დეკარტის მთავარი ფილოსოფიური ნაშრომებია: ,,მეტაფიზიკური განაზრებანი", ,,მსჯელობა მეთოდის შესახებ".
 დეკარტმა, მეთოდოლოგიური ეჭვის შეტანით ყველაფერში, აღმოაჩინა ისეთი დებულება, რომელშიც ეჭვის შეტანით არათუ სათუო ხდებოდა ამ დებულების ჭეშმარიტება, არამედ უფრო მეტად საბუთდებოდა ის, რომ ეს დებულება წარმოადგენს აქსიომას. ეს დებულებაა: ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ." დეკარტმა აღმოაჩინა, რომ თავად, რომელსაც ყველაფერში, მათ შორის საკუთარ არსებობაშიც კი, შეაქვს ეჭვი, არის მოაზროვნე საგანი, რომელიც შეგრძნებადი საგნებისგან განყენებულია.
 სრულყოფილი სულისათვის აზროვნების თვითმყოფადობა არის აუცილებელი თვისება. დეკარტი ხედავს, რომ თავად არ წარმოადგენს სრულყოფილ სუბიექტს, თუმცა მასში არის იდეა უსასრულო, სრულყოფილი არსებისა. ეს იდეა, რომელიც არის ღმერთის შესახებ, არ ჰგავს იმ იდეებს, რომლებიც წარმოიშობიან დეკარტის სულში, იმ იდეებს, რომლებიც შესაძლოა არც კი შეესაბამებოდნენ ობიექტურ სინამდვილეს. დეკარტი ამბობს: შეუძლებელია ღმერთის იდეა წარმოშობილიყო ჩემში და არ შემოსულიყო გარედან. მე არ ვარ სრულყოფილი, მაგრამ ჩემში არის ღმერთის იდეა, ცხადია, რომ მე არ ვარ ღმერთი, რადგან მრავალი ნაკლოვანება არის ჩემში.
 უკიდურესი დაეჭვების გზაზე დეკარტმა დაუშვა, რომ არსებობს ბოროტი გენიოსი, რომელიც მას ყველაფერში ატყუებს. მაგრამ იმაში მაინც ვერ მოატყუებდა (ამ დაშვების რეალობასთან შესაბამისობის შემთხვევაში), რომ დეკარტი, როგორც მოაზროვნე საგანი, არსებობს, რადგან თუ ყველაფერში ტყუვდება ბოროტი გენიოსის მიერ, ვინ ტყუვდება თუ არა არსება? დეკარტი უარყოფს ამგვარი ბოროტი გენიოსის არსებობას, საკუთარ სულში აბსოლუტური სრულყოფილების იდეის არსებობის გამო. ეს იდეა ვერ წარმოიშობოდა ნაკლოვან არსებაში თავისთავად და ვერც მატყუარა გენიოსი სული ჩაუნერგავდა სულში მას. ტყუილი ნაკლოვანებაა. სრულყოფილი არსება არ იტყუება. აბსოლუტურად სრულყოფილი ზემატერიალური მოაზროვნე სული - ღმერთი არ მოატყუებდა მას, როცა უნერგავდა სულში საღვთო იდეებს. დეკარტისთვის ყველა სხვა იდეა არის ნაკლებ სარწმუნო, ვიდრე ის იდეა, რომელიც ჩადებულია მასში ღმერთის მიერ. შეუძლებელია, რომ გონების ბუნებრივი სინათლე შეცდომაში აგდებდეს ადამიანს, რადგან ეს სინათლე არის აბსოლუტური სულის სინათლე, რომელიც ნაკლოვან სულებს უნათებს საკუთარ ჭეშმარიტებას.
 სული არის ზემატერიალური არსი, რომელიც არ არის განფენილი სივრცეში. ადამიანის სული ტვინის გირჩისმაგვარ მცირე მოცულობის ნაწილში უკავშირდება ადამიანის სხეულს. სული, რომლის უმთავრესი თვისება აზროვნებაა, ხედავს რეალობას ცხადად და ნათლად, ხოლო სხეული, რომელიც გრძნობიერია და არა - მოაზროვნე, რეალობას ხედავს ნაკლოვანად. დეკარტი ამ აზრისგან ერთგვარ ეთიკურ თეორიასაც აყალიბებს: ადამიანი ცოდვას არ ჩაიდენდა, ყველაფერს შეგნებულად, ცხადად და ნათლად დანახულის მიხედვით რომ აკეთებდეს.
 დეკარტი თავისი უეჭველი დებულებიდან აგებს თავის ფილოსოფიას. რადგან აქსიომაა, რომ მოაზროვნე არსებობს, მაშინ სრულყოფილი აზროვნებაც უნდა არსებობდეს, რადგან ადამიანი ხვდება, რომ იგი არ არის სრულყოფილი, თუმცა მასში არის სრულყოფილების იდეა. დეკარტის ფილოსოფიაში არაფერია იმაზე სარწმუნო, რომ ზემატერიალური მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც თავისი არსით, თავადაც არის, არსებობს. ყოველი არამოაზროვნე საგანი, რაც კი სამყაროშია, და თავად სამყაროც უფრო ნაკლებ სარწმუნონი არიან არსებობა/არარსებობის მხრივ, ვიდრე ის, რომ მათგან განყენებული გონიერი სული არსებობს. დეკარტი ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ"-ზე დაყრდნობით გადის ღმერთის უეჭველ არსებობაზე. ის ღმერთის არსებობის დასაბუთებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. ერთგან დეკარტი თითქმის სრულად იმეორებს ანსელმ კენტერბერიელის ე.წ. ონტოლოგიურ არგუმენტს ღმერთის არსებობის დასაბუთებისთვის, რომელიც გულისხმობს ღმერთის ცნებაშივე გულისხმობას ყოვლადსრულყოფილი არსების არსებობისა. ქვეყნად მრავალი არსებაა, მაგრამ მათში არ არის სრულად წარმოდგენილი არსებობა, ხოლო ღმერთი არის ისეთი არსება, რომელშიც არათუ სრულად არის არსებობა წარმოდგენილი, არამედ საკუთარი არსებით იგივეობრივია არსებობისა.
 დეკარტი ღმერთის არსებობის დასაბუთებისას იყენებს პირველი მიზეზის არგუმენტსაც და მას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს. დეკარტის აზრით, მიზეზში მინიმუმ იმ ოდენობის რეალობა უნდა იყოს, რა ოდენობაც არის შედეგში. შეუძლებელია მიზეზი თავის თავში ნაკლებ რეალობას შეიცავდეს, ვიდრე მისგან წარმოშობილი შედეგი. რადგან მიზეზთა რიგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, უნდა დავუშვათ ყველაფრის პირველმიზეზის - ღმერთის არსებობა და ის, რომ მასში მინიმუმ იმ ოდენობის რეალობაა, რაც მის მიერ გამოწვეულ შედეგში. დეკარტმა, გააცნობიერა რა, რომ უეჭველად არსებობს თვითონ, აღიარა, რომ თავად ვერ იქნება ყველაფრის პირველმიზეზი, რადგან არ არის სრულყოფილი არსება და ის, რომ არის დამოკიდებული არსება და რომ თავადაც წარმოადგენს შედეგს. და რადგან მიზეზში მინიმუმ იმდენი რეალობა მაინც არის, რამდენიც შედეგში, ღმერთიც ისევე უეჭველად არსებობს, როგორც ვარსებობ მე - მისი შედეგი.
 დეკარტი მე-6 მედიტაციაში ასხვავებს ერთმანეთისგან ადამიანის სულსა და ადამიანის სხეულს. ის ამბობს, რომ სხეული არის განფენილი სივრცეში, რადგან მატერიალურია და როგორც ყოველ მატერიალურ საგანს, მასაც უჭირავს ადგილი სივრცეში; სული კი არის ის, რის გამოც ადამიანის პიროვნება არის ისეთი, როგორიც არის, არის მოაზროვნე საგანი. აზროვნება არაა განფენილი სივრცეში. აზროვნების გარეშე მყოფი არსება არ არის პიროვნება. ადამიანს აქვს სხეული, მაგრამ ეს სხეული თვითონ არ არის. თვითება არის მის სულში. მოაზროვნე სული განყენებულია გრძნობიერი სხეულისაგან. ადამიანის სულს შეუძლია სხეულის გარეშე არსებობა. დეკარტისთვის ადამიანის სული უფრო რეალურია, ვიდრე სხეული, რადგან სხეულს გაცილებით უფრო ბუნდოვნად აღვიქვამთ, ვიდრე მოაზროვნე სულს. მიუხედავად ამისა, დეკარტს მიაჩნია, რომ სხეულებრივი საგნები არსებობენ, რადგან ღმერთი არსებობს. ღმერთი არ მისცემდა ადამიანს ისეთი შეცდომის დაშვების უფლებას, რასაც ვერასგზით ვერ გამოასწორებდა შეცდომაში მყოფი. ღმერთი შეუძლებელია იტყუებოდეს, ასე რომ, საგნები, აღვიქვამთ რა მათ არსებობას რაღაც დონეზე, უეჭველად არსებობენ. როგორც ჩანს, დეკარტთან მატერიალურის არსებობის უეჭველობაც ეფუძნება ზემატერიალური ყოვლადსრულყოფილი სულის არსებობის უეჭველობას.
 დეკარტი საუბრობს ინდიფერენტულ მდგომარეობაზე ადამიანის ცხოვრებაში. ეს მდგომარეობა განპირობებულია ადამიანის ნაკლოვანი სულიერი ცხოვრებით. რაც მეტად ღრმაა ადამიანის სულიერება, მით მეტად ხედავს იგი რეალობას ცხადად და ნათლად. ადამიანი შეუძლებელია მოტყუვდეს და ჭეშმარიტსა და ყალბს შორის აირჩიოს ყალბი, თუ არჩევანის მომენტში თვალნათლივ დაინახავს იმას, თუ რა არის ჭეშმარიტი და რა - არა. რაც მეტად განთავისუფლდება მოაზროვნე სული მატერიალური სხეულისაგან, მით მეტად შეიცნობს იგი ჭეშმარიტებას და მით უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

გამოყენებული ლიტერატურა: რენე დეკარტის ,,მეტაფიზიკური განაზრებანი"
რენე დეკარტის ,,მსჯელობა მეთოდის შესახებ"
კოტე ბაქრაძის ,,რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი" (მე-6 ტომი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი