სამართლიანობა
სამართლიანობა მორალური წესრიგია. იგი არასრული სახით ავლენს თავს საზოგადოებრივ ორგანიზმებში, კონკრეტულ ადამიანთა სულებში. სამართლიანობის ცნება მჭიდრო კავშირშია შემდეგ ცნებებთან: სიკეთე, ზნეობა, სინდისი და ა.შ. ადამიანისთვის ძალიან ძნელია სამართლიანობის წარმოდგენა წესების გარეშე. წესები გონების მიერ არიან ნაწარმოებნი. კეთილგონიერი ნება მიმართავს გონებას იმისკენ, რომ ამ უკანასკნელმა წარმოშოს რაც შეიძლება მეტად სამართლიანი წესები და კანონები. ჭეშმარიტი იურისპრუდენცია ეფუძნება ადამიანის სულში მყოფ სიყვარულს სამართლიანობისას, რომელი სიყვარულიც, თავის მხრივ, წარმოშობილია სიბრძნის, ზებუნებრივის სიყვარულის მიერ, რომელიც მხოლოდ გონიერ არსებათათვის არის დამახასიათებელი. გონებაში სინამდვილე შემოდის ჭეშმარიტების სახით. მცოდნე გონება არის ჭეშმარიტების მქონე გონება. იგი ხედავს იმას, თუ რა არის და იმის დანახვაც ძალუძს, თუ რა უნდა იყოს. სამართლიანი კაცი აუცილებლად უნდა იყოს გონიერი, რათა შეეძლოს გარჩევა სიმართლისა და სიცრუისა, კეთილისა და ბოროტისა, და კეთილი, რათა გული მიუწევდეს სიმართლის მსახურებისა და დაჩაგრულთა დაცვისკენ. თუ სამართლიანობა მორალური კოსმოსია, უსამართლობა მორალური ქაოსი გამოდის. მართლაც, მრავალი ქაოსური სიტუაცია იქმნება უსამართლო გარემოში. ყველა ეგოისტს წარმართავს საკუთარი ,,მინდა". თითოეული მიისწრაფვის იმისკენ, რომ საკუთარი სურვილები რეალიზირდნენ. ,,მინდა"-ნი წარმოქმნიან უსამართლობას, როცა არ არიან მორჩილებაში ,,უნდა"-ს მიმართ. ,,უნდა გავაკეთო", ,, არ უნდა გავაკეთო" - ზნეობრივი პრინციპებია. რაც მეტია ადამიანში გონიერება და სიკეთე, მით მეტადაა ფესვგადგმული მის სულში ზნეობა, მით მეტად ვლინდება მასში სამართლიანობის ბუნება. ,,რა არის ხელისუფლება სამართლიანობის გარეშე, თუ არა ავაზაკთა ბანდა?" - რიტორიკულად გვეკითხება ავგუსტინე ავრელიუსი. სწორედაც ავაზაკთა ბანდაა, რადგან სამართალს მოკლებულ ძალას ბოროტი ეპატრონება. ძალის კეთილგონივრული გამოყენება სამართლიანობის განხორციელების საწინდარია. ბლეზ პასკალი ამბობს, რომ ძალადობა სამართლიანობის გარეშე ტირანიაა, ხოლო სამართლიანობა ძალადობის გარეშე უძლურია. სამართლიანობის დამკვიდრების მცდელობას დიდი წინდახედულება სჭირდება, რადგან უსამართლობის სამართლიანობით შეცვლა ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელია. სამართლიან სახელმწიფოში სამართლიანია ის, რომ დამნაშავე სისხლის სამართლის კოდექსით იქნას გასამართლებული, მაგრამ სახელმწიფოს თვითმიზანი მისი დასჯა კი არა, უკეთეს მოქალაქედ გახდომა უნდა იყოს. სამართლიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია სინათლე და ჭეშმარიტება. ,,თავის ჯამს ჩასცქერთ" (ვაჟა-ფშაველა) - ხალხისაგან იფარება ნათელი ბნელით. მათში ჭეშმარიტს და კეთილს ცრუ და ბოროტი ეკვრის ისე, როგორც ბოლო სტადიის სიმსივნე რომელიმე ორგანოს. სამართლიანი კაცი თავის დროებით სარგებელს ხელს გაუშვებს და ჭეშმარიტებისთვის სასიკეთოს მოჰკიდებს, ამით ჭეშმარიტებას გამარჯვებას მოუტანს, რათა სიხარულით ითქვას: ,,სამართალმა პური ჭამა". სამართლიანობა არის საფუძველთა საფუძველი სახელმწიფოსი. სახელმწიფო, რომელსაც სამართლიანობის აშკარა დეფიციტი აქვს, განწირულია დამხობისათვის. სახელმწიფოში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ისინი, რომელნიც იწოდებიან სამართლის დამცველებად, სამართლიანი სულისანი არიან. შეუძლებელია ასეთი განცდა გონიერ ადამიანს გაუჩნდეს მაშინ, როცა ჩინოსანნი და მაღალჩინოსანნი ფულის და ძალაუფლების სიყვარულით არიან ბრმანი და სამართლის დამცველებად მხოლოდ ოფიციალურად იწოდებიან. სახელმწიფოს სიკეთისათვის აუცილებელია, რომ თითოეული პოლიციელი, თითოეული მცველი სახელმწიფოში სამართლიანობის უზრუნველყოფისა აღზრდილი იყოს სამართლიანობის უპირობო სიყვარულში. სამართლიანობის გამოვლენა ხდება კეთილი გრძნობებით სავსე სულებში. ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანის თანაგრძნობა, სხვისი ტკივილის საკუთარად წარმოდგენა, არ ძალუძს გაწიროს ადამიანი იმისათვის, რისთვისაც საკუთარ უსაყვარლეს ადამიანს ან თავის თავს ვერ გაწირავდა. ასეთ კეთილშობილურ გრძნობიერებას თუ შესაბამისი ცნობიერება დაეფუძნა, მივიღებთ საზოგადო მოღვაწეს, რომელიც შეურიგებელი მტერია უსამართლობისა და ბოროტებისა. სამართლიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა გონიერი არსების ბედნიერებისთვის. გონება, საკუთარ თავთან პასუხისმგებელი ცნობიერების - სინდისის გარეშე, ნაკლოვანია. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე ადამიანს მოთხოვნილება აქვს სამართლიან გარემოში ცხოვრებისა. მას სურს, რომ არ უშავებდეს სხვას და არც მას უშავებდეს ვინმე. საზოგადოება, რომელიც ემორჩილება თავისუფალ, სინდისის მქონე გონებათა მიერ მიღებულ კანონებს, ცხოვრობს გაცილებით უკეთესად, ვიდრე ის საზოგადოება, რომელშიც კანონი არ კანონობს. ადამიანის ერთ-ერთი ცნობილი განმარტებაა, რომ იგი არის სოციალური არსება და რადგანაც ეს ასეა, მას სჭირდება ის, რომ მისი უფლებები სოციუმში იქნან გარანტირებულნი. როცა არ არის გარემო იმ დონეზე სამართლიანი, რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელი იყოს, წარმოიქმნება მრავალი კონფლიქტი, ძალმომრეობა, სიძულვილი. ასეთ საზოგადოებაში გაცილებით მეტია შემთხვევა ადამიანთა ფსიქოლოგიური დაავადებისა, სუიციდისა, ვიდრე იმ საზოგადოებაში, რომელიც სამართლიანობის პრინციპებით სუნთქავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი