თვითშემეცნება


ძველ საბერძნეთში იყო სამისნო, რომლის შესასვლელზეც ეწერა: ,,შეიცან თავი შენი“. ეს მცნების მსგავსი წარწერა ინსპირაცია გახდა სოკრატესთვის, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა ჭეშმარიტ სიბრძნეს. სოკრატემდელი ფილოსოფიის ინტერესის ძირითადი ობიექტი იყო გარე რეალობა, ბუნება, კოსმოსი; სოკრატემ კი შემეცნების ვექტორი ადამიანისკენ, მისი სულისა და იდეებისკენ შემოაბრუნა.
  სოკრატეს გამორჩეული მოსწავლე იყო პლატონი, რომელმაც დაწერა ფილოსოფიურ-მხატვრული თხზულება - ,,სახელმწიფო“. ეს თხზულება ფილოსოფიის ყველა ძირითად დისციპლინას შეიცავს: ონტოლოგიას, გნოსეოლოგიას, ეთიკას და ა.შ. სინამდვილის შესახებ მეცნიერების, ანუ წმინდა ფილოსოფიისათვის განსაკუთრებული მონაკვეთი არის ,,გამოქვაბულის მითი“, რომელშიც აჩრდილები, როგორც ცნობიერების ფენომენები, სინამდვილის ილუზიას ქმნიან. აქ პლატონს აქვს დიდი ალეგორია, რომელსაც ეხმიანება კანტის ,,წმინდა გონების კრიტიკა“-ში წამოჭრილი ნოუმენისა და ფენომენის საკითხი. კანტის მიხედვით, ბუნება წარმოადგენს მხოლოდ ფენომენს ცნობიერებისა, ანუ სინამდვილისაგან მოვლენილს და ცნობიერების აპრიორული ფორმების - დროისა და სივრცის მიერ აგებულს. ცნობიერებაში ბუნების ეს აგება თავისთავად ხდება, ხოლო მისი შემეცნება ნებისა და გონების საერთო მოქმედებაა, ანუ მეცნიერებაა. ნოუმენი კი არის ნამდვილად მყოფი ბუნება, საგანი, რომელსაც ადამიანური შემეცნება ვერ წვდება, რომელიც ადამიანს ცნობიერებაში არ ეძლევა და მხოლოდ მოიაზრება მისი არსებობა.
  კანტისგან განსხვავებით, პლატონი ადამიანური შემეცნების მიმართ პესიმიზმს არ იჩენს. მას მიაჩნია, რომ ადამიანს, ვიდრე ამ სამყაროში გაჩნდებოდა, გააჩნდა თანაზიარება ღმერთთან და მან იცოდა ჭეშმარიტება; ახლა კი იგი შემეცნების პროცესში ამ ჭეშმარიტებას, სრულ ცოდნას იხსენებს. პლატონისთვის თვითშემეცნება არის საკუთარი თავის გახსენება.
  ფილოსოფიის მთავარი ობიექტი - სინამდვილე ქრისტიანული თეოლოგიის ენაზე ითარგმნება, როგორც მამა, ხოლო ჭეშმარიტება, რომელიც თანადაუსაბამოა სინამდვილისა, და მის ანარეკლს წარმოადგენს ცნობიერებაში, ითარგმნება, როგორც ძე. იესო ქრისტე ეუბნება თავის მოწაფეებს: ,,მე და მამა ერთი ვართ“ (იოანეს 10:30), და ასევე: ,,ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანეს 14:9). ქრისტეს ჭეშმარიტება არის თვითცნობიერება. ქრისტიანი თვითშემეცნების გზით ეზიარება ღმერთს, თავისუფლებას. სახარებისეული სწავლებაა, რომ შეცნობილი ჭეშმარიტება არის განმათავისუფლებელი პიროვნებისა.
  ფილოსოფიის ისტორიაში არ არსებობს იმაზე მასშტაბური ხედვა თვითშემეცნებისა, როგორიც არის ჰეგელის ფილოსოფია. ის დაფუძნებულია თვითშემეცნების ცნებაზე, როგორც სინამდვილის, სამყაროს საფუძველში მყოფი გონის თვითმოქმედებაზე. ჰეგელის ფილოსოფიის მიხედვით, მთელი კაცობრიობის ისტორია არის ღმერთის მიერ საკუთარი თავის გაცნობიერების პროცესი. ისტორიის ფილოსოფია არის სუბსტანციალური გონის თავის თავამდე მისვლის გზის წვდომა.
  კანტისთვის კი სინამდვილის წვდომა მხოლოდ პრაქტიკულ სფეროშია შესაძლებელი და არა - თეორიულში. შენ ხარ ნამდვილი ადამიანი, როცა ხარ კეთილი ნების მსახური, შენივე საკუთარი თავისუფლებით. კანტის მოძღვრება კატეგორიულ იმპერატივზე წარმოადგენს ეთიკის სფეროს, რომელშიც ჭეშმარიტების თეორიული წვდომის მიზანი მოხსნილია და მხოლოდ პრაქტიკაში, მორალურ ქმედებაში, სინდისის საშუალებით, წვდება ადამიანი საკუთარ ჭეშმარიტ არსებას და, ამ თვითწვდომით, იმ სინამდვილესაც ეზიარება, რომელიც ცნობიერებაში არ ეძლევა.
  ,,მე“-ს სინამდვილე, ანუ სუბიექტური სული არ არსებობს ობიექტური რეალობის გარეშე. საკუთრივ, ობიექტური რეალობა არ არსებობს, როგორც ობიექტი, როგორც რაიმე ცნობიერების საგანი, მისი მაობიექტირებელი სუბიექტის გარეშე. საკუთრივ ,,მე“, როგორც სინამდვილე, სუბიექტურ-ობიექტური არსებაა, მისი არსი ცნობიერებისა და ყოფიერების ერთიანობაა. სინამდვილე არც მხოლოდ ობიექტურია და არც მხოლოდ - სუბიექტური, არამედ ცალმხრივ კატეგორიებზე ამაღლებული და აბსოლუტურია.
  თვითშემეცნებისა და, ზოგადად, გნოსეოლოგიის უკიდურესად სკეპტიკური მეთოდოლოგიით გამორჩეულია დეკარტი. მისი სკეპტიციზმი არ არის ფილოსოფია, ის მხოლოდ მეთოდოლოგიაა მასზე უფრო არსობრივი საგნისა, რომელიც სწორედ ფილოსოფიას წარმოადგენს. დეკარტის მიზანი იყო უცხადესი დებულების დადგენა. მან საკუთარ არსებობაშიც კი შეიტანა ეჭვი, რათა სკეპტიკური მეთოდის მთელი ძლიერება გამოეყენებინა საკუთარი თავისა და სინამდვილის შემეცნებისთვის. მან დაასკვნა, რომ საკუთარ არსებობაში საკუთარივე აზროვნებით შეაქვს ეჭვი. ეჭვი აზროვნების გამოხატულებაა. აზროვნება მისი არსებაა, მისი სულია. და მან თქვა: ,,ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“. 
  ჰაიდეგერი ამბობს: ,,სანამ ადამიანი იქნება გონიერი არსება, ის იქნება მეტაფიზიკური არსება.“ თვითშემეცნება მეტაფიზიკაა. გონის ბუნება საკუთარი თავიდან გამოსვლა და კვლავ შესვლაა და ასე - უამრავი გზით. ადამიანი, ცხოველისგან განსხვავებით, არამხოლოდ გრძნობს საკუთარ არსებობას, არამედ იაზრებს, რომ არსებულია, ამბობს: ,,მე ვარ“. არსებულის თვითცნობიერების ამ მნიშვნელობას ვხვდებით ბიბლიაში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში. ძველ აღთქმაში წერია, რომ ღმერთი ამბობს თავის სახელს - ,,მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამოსვლა 3:14). ის არსებაა, რომელიც არსებობაა; მარადმყოფია და მისი არსება თვითცნობიერებაა. ახალ აღთქმაში მოციქულ იოანეს აქვს მინიშნება იესო ქრისტეს ღმერთობის შესახებ იმით, რომ ქრისტე თავის თავზე ამბობს: ,,მე ვარ“ (იოანეს 18:5). ამ სიტყვის ძლიერება და ღვთაებრიობა მეტად წარმოჩინდება, როცა გამგონენი მიწაზე ეცემიან.
  თვითშემეცნების, როგორც ცხოვრების გზის, მხატვრულ წარმოჩენას წარმოადგენს დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი“. მთავარი პერსონაჟი - რასკოლნიკოვი თავს კარგავს და იდენს მძიმე დანაშაულს. ის გადადის თავის სხვადყოფნაში და თავის ჭეშმარიტ არსებას თავის დაკარგულობაში ეძებს. რასკოლნიკოვი, სინანულის საშუალებით, შეძლებს სასჯელის ტვირთით გამოწვეული საშინელი სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლას და სიყვარულთან ზიარებას. სიყვარულში ის ახალ ადამიანად დაიბადება და საკუთარ ჭეშმარიტ არსებას მიეახლება.
  ემპირიულ სამყაროში ადამიანის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის აზროვნების უნარი. აზროვნებას აქვს თვისება, რომ საკუთარი თავი საკუთარი შემეცნების ობიექტად აქციოს. ადამიანი ყველაზე დიდ მასშტაბში მაშინ წვდება სინამდვილეს, როცა წვდება თავის თავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი