სიბრძნე ბიბლიაში
ბიბლიაში სიბრძნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა გამოხატული. აქ იგი არამხოლოდ სასურველი ობიექტია მათთვის, ვინც შემეცნებაში იმყოფება და ცოდნას ესწრაფვის, არამედ მოქმედი სუბიექტიც არის, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს კეთილგონიერებისაკენ, ღვთის სიტყვის მოსმენისაკენ. ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, სიბრძნე ანუ ღვთის სიტყვა არის ღმერთის მიერ წუთისოფლის გაჩენამდე შობილი ძე ღმერთი. ქრისტიანთა რწმენით, ძველი აღთქმის წიგნის - სოლომონის იგავების მე-8 თავში მეტყველი სიბრძნე არის სწორედ ის ჰიპოსტასი სამებისა, რომელიც იშვა ქალწული მარიამისაგან. იგავების წიგნში სიბრძნე საუბრობს თავის დიდებაზე, რომ ღმერთის მიერ დადგენილია იგი წუთისოფლის გაჩენამდე. როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, მასთან ვიყავი, როგორც ოსტატი -ამბობს სიბრძნე. იოანეს სახარების პირველივე მუხლების შინაარსი ეხმიანება სოლომონის იგავების მე-8 თავის აღნიშნულ პასაჟს. მოციქული თავის სახარებას იწყებს თავდაპირველად მყოფ სიტყვაზე საუბრით, რომელიც იყო ღმერთთან და რომელიც იყო ღმერთი (იოანეს 1:1). ამ სიტყვის არსებაში იკითხება იგავებში მეტყველი სიბრძნის არსება. სიტყვა, რომელიც ბერძნულ დედანში იკითხება, როგორც ,,ლოგოსი“, დამმოძღვრელია, მეტად არის გამომხატველი მოქმედი სუბიექტისა, სიბრძნის სუბიექტობის ხაზგამსმელია. მოციქული აგრძელებს შემდეგ მუხლებში სიტყვაზე საუბარს და ცხადს ხდის, რომ ეს სიტყვა სწორედ ის სიბრძნეა, რომელიც, როგორც იგავების წიგნის მე-8 თავში წერია, იყო ღმერთთან, როგორც სამყაროს შემოქმედი ოსტატი. ბიბლიის ეს ორი წიგნი სამყაროს შემოქმედად სიბრძნეს აცხადებს. რადგან სამყაროს შემოქმედი ჰყავს, და რადგან მისი შემოქმედება ბრძნულ პრინციპებს ეფუძნება, სამყაროში მოქმედებს ფიზიკური, სულიერი, მორალური კანონები. ორივე წიგნში აშკარაა, რომ ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს ზნეობრივი, ღვთაებრივ კანონებს დაქვემდებარებული ცხოვრებისაკენ. იგავების წიგნში აშკარაა დაპირისპირება სიკეთესა და ბოროტებას შორის, როგორც გონიერებასა და უგუნურებას შორის. გონიერი კაცი სიკეთეს ეწევა, ხოლო უგუნური კაცი ბოროტებაში ჩაეფლობა. სიბრძნე, რომელიც ყველაფრის შემოქმედია, ადამიანისთვის სიკეთის წყაროა. სახარებაში ამბობს იგი, რომ იგია პური სიცოცხლისა. ადამიანს უნდა შიოდეს ეს პური, რადგან ვინც შეჭამს მას, ვინც ეზიარება ღმერთის შვილს, სიბრძნეს, სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა. იგავების წიგნში საუბარია გზაზე, რომელიც სწორად ეჩვენება კაცს, სინამდვილეში კი ამ გზის ბოლო სიკვდილია. ახალ აღთქმაში ქრისტეც საუბრობს იმის შესახებ, რომ ვრცელია ბჭე და ფართო არის გზა და ადვილად სავალი, რომელიც დაღუპვისაკენ მიდის, და მრავალი დადის მასზე; ხოლო ვიწროა ბჭე და ძნელი არის გზა, რომელიც სიცოცხლისაკენ მიდის, და მცირედნი ჰპოვებენ მას (მათეს სახარება 7:13-14). სიბრძნე არის ადამიანისთვის ცხოვრების ლამპარი, რომელიც უნათებს გზებს მას. ღმერთთან მისვლა სიბრძნით, ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი. იოანეს სახარებაში იესო ქრისტე ამბობს: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემს მიერ“ (იოანეს 14:6). სოლომონის იგავების მე-12 თავში ნათქვამია, რომ წვრთნა ვისაც უყვარს, მას უყვარს სიბრძნე. ღმერთი განსაცდელებს უშვებს ადამიანებზე, რათა მათ ამ ცხოვრებისეულ სირთულეებში წვრთნა მიიღონ, უფრო დაბრძენდნენ. პრობლემას ვინც გაურბის, ის არ იქცევა გონივრულად, ის შეიძლება მიეჯაჭვოს ამქვეყნიურ სიამოვნებებს, გახდეს ნარკომანი, ალკოჰოლიკი და ა.შ. ეს გზა კი წვრთნისგან თავის არიდებაა, რაც ნადმვილად არაა ღვთისათვის მოსაწონი. ვინც გაბედულად და ღვთის რწმენით უმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ის ადგას სიბრძნის გზას. იოანეს სახარებაში ქრისტე ამბობს, რომ ვინც მეორედ არ დაიბადება, ვერ შევა ცათა სასუფეველში. თუ სიბრძნის, ღვთის სულის მიერ არ მოხდა ადამიანში ახალი ადამიანის დაბადება, ეს ცხოვრება და მისი სიტკბოებანი უმეტეს სიმწარეს აგემებენ მას, ვიდრე სიამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი