ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა


გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) იმანუელ კანტთან (1724-1804), იოჰან გოტლიბ ფიხტესთან (1762-1814) და ფრიდრიხ ვილჰელმ იოზეფ შელინგთან (1775-1854) ერთად წარმოადგენს გერმანულ იდეალიზმს, რომელსაც, აგრეთვე, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიად მოიხსენიებენ. 
ჰეგელმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფიის ისტორია, ფილოსოფიური და რელიგიური სისტემები და ყოველი მათგანი მოაქცია თავის დიალექტიკურ ფილოსოფიურ სისტემაში. ისეთი დაპირისპირებული ფილოსოფიური მოძღვრებებიც კი, როგორებიც არიან სტოიციზმი და ჰედონიზმი, წარმოადგენენ ერთი ფილოსოფიური მთლიანობის მომენტებს. ორივე მათგანში არის ფილოსოფია, შესაბამისად, არის გონი და სინამდვილე.
ჰეგელისთვის, უმთავრესად, აზროვნების ისტორია, და მასთან ერთად მთელი სამყაროს ისტორია, წარმოადგენს სამყაროს საფუძველში მყოფი გონის - სინამდვილის მიერ საკუთარი თავის შემეცნების უსასრულო პროცესს. ერთადერთი ჭეშმარიტად არსებული არის ღმერთი, რომელიც ქმნის სამყაროს, და ეს მისი ქმნილება წარმოადგენს მისთვის თავის სხვას. ჰეგელი სამყაროს (ბუნებას) განსაზღვრავს, როგორც ღმერთის სხვადყოფნას.
ჰეგელი თავისი წიგნების კრებულის - ,,ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია" - პირველი წიგნის - ,,ლოგიკის მეცნიერება" - შესავალში მეცნიერებას, ანუ ფილოსოფიის თვითგაშლას, ყოფს სამ ნაწილად: 1) ლოგიკის მეცნიერება, რომელიც არის მოძღვრება თავისთავად და თავისთვის მყოფი იდეისა; 2) ბუნების ფილოსოფია, რომელიც არის მეცნიერება იდეისა მის სხვადყოფნაში; 3) გონის ფილოსოფია, რომელიც არის მეცნიერება იდეისა, რომელიც თავისი სხვადყოფნიდან თავის თავს უბრუნდება.
ქართველი ფილოსოფოსი მამუკა ბერიაშვილი ჰეგელის ლოგიკას უწოდებს ონტო-ლოგიკას, რადგან ის წარმოადგენს მეტაფიზიკური ბუნების მქონე მოძღვრებას. ჰეგელის ლოგიკა, აგრეთვე, შესაძლებელია წაკითხულ იქნას, როგორც თეო-ონტოლოგია, რადგან იგი ეხება იდეას თავის სიწმინდეში, იდეას, რომელიც არის აბსოლუტურად ნამდვილი, ანუ ღმერთი. ,,ლოგიკის მეცნიერება" იყოფა სამ ნაწილად: 1) მოძღვრება არსის შესახებ; 2) მოძღვრება არსების შესახებ და 3) მოძღვრება ცნების შესახებ. ფილოსოფოსის ენციკლოპედიური ნაშრომის პირველი წიგნი გადმოსცემს იდეისა და სინამდვილის მიმართებებს და ერთიანობას, ანუ იდეის ყოფიერებას თავისთავად და თავისთვის. ეს არის წმინდა იდეა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გადასული თავის სხვადყოფნაში, სამყაროში.
კაცობრიობის ისტორიაში მრავალჯერ დასმულა საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის ჭეშმარიტება. ჰეგელის მიხედვით, ჭეშმარიტება არის აბსოლუტური პროცესი - სამყაროს საფუძველმდებარე გონის მიერ საკუთარი თავის შემეცნების უსასრულო პროცესი - სინამდვილის თვითწვდომა. ფილოსოფია არის ამ წვდომის მდგომარეობა, წვდომაში ყოფნა; ფილოსოფია, როგორც გონის ავთენტური მდგომარეობა, თვითგაშლას ახდენს მეცნიერებაში; სინამდვილის მიერ საკუთარი თავის ცნებებად დაშლის პროცესში სუბიექტურ-ობიექტური გონი იქცევა ჭეშმარიტებად ანუ საკუთარი თავის აბსოლუტურ ცოდნად. ამ სისტემაში ჭეშმარიტება რეზულტატს წარმოადგენს, თუმცა ყოვლისმომცველი აზროვნების ეს ლოგიკური შედეგი იგივე დასაწყისია. აბსოლუტური გონი, როგორც იდეა თავის სრულყოფილებაში, თავის თავს უბრუნდება. იდეის სრულყოფა შედეგია, ჭეშმარიტებაა. შედეგი მიზეზის იგივეობრივია. ჭეშმარიტება სინამდვილის აბსოლუტური თვითასახვაა. სინამდვილე და ჭეშმარიტება ერთი არიან. ეს აზრი ერთგვარ ანალოგიაში მოდის ქრისტეს სიტყვებთან: ,,მე და მამა ერთი ვართ" (იოანეს სახარება 10:30). ჰეგელს მიღებული ჰქონდა თეოლოგიური განათლება, ეს მის ფილოსოფიაში იკითხება. გონი-სინამდვილე არის მამა - ქრისტიანული თეოლოგიის ობიექტი, რომელიც, მარადიულად, დროისა და სივრცის მიღმა შობს თავის ძეს, რომელიც არის გონი-ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებაში სინამდვილე თავის თავს ხედავს აბსოლუტურად ისე, როგორც არის თვითონ. ქრისტე ამბობს: ,,ვინც მე მიხილა, მამა იხილა" (იოანეს სახარება 14:9).
ჰეგელის მთელი ფილოსოფიური სისტემა არის დიალექტიკური ბუნების. ფილოსოფოსი გონს უწოდებს აბსოლუტურ მოუსვენრობას. ეს მუდმივმოძრავი სინამდვილე ქმნის მარადიულ დიალექტიკას - აზროვნების უსასრულო პროცესს. აქ იკითხება აზროვნების აზროვნება, როცა გონება აზროვნებს თავის თავს იმ მომენტში, როცა აზროვნება აზროვნებს აზროვნებას.
ჰეგელი აკრიტიკებს გერმანული იდეალიზმის ფუძემდებელს - კანტს იმაში, რომ მან თავის ,,წმინდა გონების კრიტიკა"-ში გონების როლი დაამცრო და დააკნინა. ჰეგელი პატივს სცემს იმ დიდ მეცნიერულ სამუშაოს, რაც კანტმა გასწია, თუმცა მისთვის მიუღებელია კრიტიკული ფილოსოფიის მიერ გონებისთვის საზღვრების დადგენა. კანტი ამბობდა, რომ სანამ შემეცნებას დაიწყებდა სუბიექტი, მანამ შემეცნების ინსტრუმენტი უნდა გამოეკვლია. ჰეგელი კი ამის პასუხად ამბობს, რომ შემეცნების ინსტრუმენტი ისევ შემეცნებაა და შემეცნების გარეშე მისი გამოკვლევა შეუძლებელია. კრიტიკული ფილოსოფიის მიერ წარმოდგენილი შემმეცნებელი სუბიექტი ჰეგელისთვის ჰგავს კაცს, რომელმაც გადაწყვიტა, ეცურავა, ვიდრე წყალში შევიდოდა. თუ ცურვას იწყებ, უკვე წყალში ხარ, ანუ თუ იკვლევ შემეცნების ინსტრუმენს, უკვე შემეცნებაში ხარ.
ბერიაშვილი თავის სიტყვაში ჰეგელის ურთულესი ტექსტის შესახებ - ,,გონის ფენომენოლოგია" - ამბობს, რომ ფილოსოფოსის მთელი ფილოსოფიური სისტემის მაფორმულირებელი წინადადება არის შემდეგი: ,,სუბსტანცია უნდა განისაზღვროს, როგორც სუბიექტი". ეს ნიშნავს იმას, რომ ჰეგელის უმთავრესი ცნება - გონი არის ნამდვილობის ის მთლიანობა, რომელიც ყოველი ცნობიერებისთვის ერთია თავისთავად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ცალკეული ცნობიერებანი მას განსხვავებულად ხედავენ, და რომ ის თვითონ არის აზროვნების ეს უსასრულო პროცესი, რომელშიც ცალკეულობანი მოიხსნებიან და შეინახებიან მასში, როგორც მისი მომენტები, თვითონ კი - თავისთავად და თავისთვის დიალექტიკური სისტემა - მუდმივ მოძრაობაში რჩება თავისი თავიდან - თავის სხვადყოფნაში და თავისი სხვადყოფნიდან - თავის თავში და ასე - უსასრულოდ. ეს უსასრულო აზროვნება არის თვითონ გონი, სუბსტანცია, ყოველივეს მარადიული საფუძველი, ღმერთი.
ჰეგელის დიალექტიკა არის დაპირისპირებულთა მთლიანობა და ამ გაერთიანების გზით ცალკეულობათა გადალახვა. თეზისს მოეპოვება თავისი ანტითეზისი, მათი შეერთებით კი მიიღება მათზე უფრო ნამდვილი და გონისმიერი სინთეზი. ეს უკანასკნელი თავის თავში შეიცავს დაპირისპირებულებს, მოხსნილი სახით. სინთეზი,თავის მხრივ, არის ახალი თეზისი, რომელსაც, აგრეთვე, მოეპოვება თავისი ანტითეზისი. ეს დაპირისპირებულებიც ერთდებიან და მიიღება უფრო გონისმიერი და სინამდვილის მეტი კონცენტრაციის მქონე სინთეზი, ვიდრე წინა, რომელიც მასში უკვე ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარეა და მოხსნილი სახით შეიცავს მას, როგორც თავის მომენტს. ეს სინთეზიც არ არის აბსოლუტური, არამედ იგი უმაღლესია მხოლოდ თავის ცალკეულ დიალექტიკურ პროცესში, როგორც ამ ერთეული დიალექტიკის ლოგიკური შედეგი და ჭეშმარიტება. ლოგიკის, ბუნების და გონის ტრიადაც შესაძლებელია დანახულ იქნას, როგორც თეზისისა და ანტითეზისის გაერთიანების გზით წარმოქმნილი სინთეზის ანუ გონის კონკრეტული და აბსოლუტური დიალექტიკა. თვით აბსოლუტური გონის აზრობრივ ინსტანციაში, რაც ჰეგელს გადმოცემული აქვს თავისი ენციკლოპედიის ბოლო წიგნში - ,,გონის ფილოსოფია", იკითხება თეზის-ანტითეზისის და მათი სინთეზის დიალექტიკა. პირველია სუბიექტური გონი, რომელიც გამოიხატება ადამიანის თავის თავში ყოფნით, იმანენტურობით, ფსიქოლოგიით; მეორე არის ობიექტური გონი, რომელიც ანტითეზისია სუბიექტური გონისა. იგი თავისი თავიდან გასვლაა, გარემომცველ სამყაროში ყოფნა და ქმნადობაა. ობიექტური გონის გამოხატულებებია: სამოქალაქო საზოგადოება; კანონმდებლობა; სახელმწიფო. მათი შეერთებით, მიიღება მათი სინთეზი, რომელიც არის სუბიექტურ-ობიექტური, ანუ აბსოლუტური გონი. მისი პირველი ეტაპია ხელოვნება, რომლის გამოხატულება არის სახე; მეორე ეტაპი არის რელიგია, რომლის გამოხატულება ხორციელდება წარმოდგენაში; მესამე და უმაღლესი, ანუ უნამდვილესი არის ფილოსოფია, რომლის გამოხატულება არის ცნება. სინამდვილე არის ცნებობრივი. ფილოსოფიაში გონი თავის თავს ხედავს. ჰეგელი თავის ნაშრომში - ,,სამართლის ფილოსოფია" ამბობს: ,,რაც ნამდვილია, გონიერია, და რაც გონიერია, - ნამდვილი".
ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა საუბრობს სინამდვილეზე, რომელიც თავად არის სისტემა. ეს სისტემა არის სრულიად განხორციელებული თავისთავად და თავისთვის, როგორც თავისი თავის მცოდნე ჭეშმარიტება, როგორც აბსოლუტური ძლიერება, ანუ აბსოლუტური თავისუფლება.




გამოყენებული ლიტერატურა: გ.ვ.ფ. ჰეგელი ,,გონის ფენომენოლოგია"
გ.ვ.ფ. ჰეგელი ,,ლოგიკის მეცნიერება"
გ.ვ.ფ. ჰეგელი ,,გონის ფილოსოფია"
მამუკა ბერიაშვილი ,,გ.ვ.ფ. ჰეგელის გონის (სულის) ფენომენოლოგიის სპეკულატიური სტრუქტურა"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი