კლდოვანი კონცხის მეტაფორა მარკუს ავრელიუსთან


,,იყავი, როგორც კლდოვანი კონცხი, რომელსაც ღრიალით აწყდებიან ტალღები, ის კი მშვიდად დგას და მის გარშემო თანდათან ცხრება ბობოქარი წყლის მძვინვარება.“ (ფიქრები 4:49)
  ადამიანი არის სული, თვითცნობიერება. იგი დგას თავის მარტოობაში და პერიოდულად იკარგება გრძნობებში, რომლებიც ამღვრევენ მას. კლდოვანი კონცხი არის თვითება, რომელიც უძლებს თავისი თავის ანუ მარტოობის მძიმე ბუნებას და გრძნობათა ბობოქარ ტალღებს არ უქვემდებარებს თავის არსებას. ის, თავისივე ცხოვრებიდან ამოსული, უმზერს თავის ცხოვრებას და თავს არ აიგივებს მასთან. ამიტომაც არის მშვიდი. ცხოვრება გრძნობებში შთასვლაა. უსასრულობისა და მარადიულობის ის პერსპექტივა, რომლიდანაც მარკუს ავრელიუსი ცხოვრებას და მთელ მის გრძნობიერებას უწოდებს წამს, განაპირობებს ცხოვრებისგან განთავისუფლებული სულის თვითშემოქმედებას.
  ცხოვრებაში უამრავი რამ ხდება, საბედნიეროც და საუბედუროც. თუმცა მარკუს ავრელიუსი მიიჩნევს, რომ თავისთავად ცხოვრების რაიმე მოვლენა არ შეიძლება იყოს არც ბედნიერება და არც უბედურება, არამედ ადამიანის სულიერი სიმტკიცეა ის, რაც განაპირობებს მის ბედნიერებას, და ადამიანის სულიერი სისუსტეა ის, რაც განაპირობებს მის უბედურებას. ფილოსოფოსი მეფე ამბობს, რომ რაც არ უნდა შეემთხვას ადამიანს, ის ბედნიერი უნდა იყოს, თუ აცნობიერებს, რომ მის ცხოვრებაში თავს დატეხილ არცერთ მტკივნეულ თუ ტრაგიკულ მოვლენას არ ძალუძს, აამღვრიოს მისი სული. მარკუს ავრელიუსის სტოიციზმი არის სულის აუმღვრევლობის შესახებ მოძღვრება.
  მშვიდად ყოფნაში არის თავისუფლება, როცა სული აუმღვრეველი რჩება და გრძნობები ვერ ათამაშებენ, თავიანთ ბრმა ნებაზე ვერ ატარებენ მას. აქ შესაძლებელია პარალელის გავლება პლატონის მოძღვრებასთან ადამიანის სულის საწყისების შესახებ. ანტიკური პერიოდის ბერძენი ფილოსოფოსისთვის ადამიანში ვნებითი ანუ გრძნობისმიერი საწყისი არ არის ის, რისი გაბატონების შემთხვევაშიც ადამიანი იქნებოდა ბედნიერი. მსავსად ავრელიუსისა, პლატონიც ადამიანში გონითი საწყისის ბატონობას მიიჩნევს ბედნიერების საწინდარად. თუმცა კი მარკუს ავრელიუსთან ვერ ვხვდებით ისეთ თვალსაჩინო დიფერენციაციას ადამიანური სულის საწყისებისა, როგორსაც პლატონთან, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ავრელიუსიც ხედავს ვნებით საწყისს, როგორც ბუნების განუყოფელ ნაწილს, თუმცა კი იმ დიდი ონტოლოგიური განსხვავებით, რომ ავრელიუსთან ეს ბუნებაა სინამდვილე, პლატონთან კი ეს ბუნება არის არსისა და არარსის შუალედური მდგომარეობა, ანუ სინამდვილის ჩრდილი. მარკუს ავრელიუსის ონტოლოგიური ხედვიდან გამომდინარე, ,,ფიქრები“-ს ავტორისთვის გაცილებით მეტი სინამდვილე მიეწერება გრძნობებს, ანუ აბობოქრებულ ტალღებს, რომლებიც გამუდმებით ლამობენ, ჩაძირონ თავიანთ სიღრმეებში კლდოვანი კონცხი (ადამიანი), თუმცა კი ეს უკანასკნელი მაინც მედგრად და მშვიდად უნდა იდგეს მათ წინაშე, როგორც გაცილებით დიდი სიღრმის მქონე არსება, და იყოს გამარჯვებული თავისი თავით.
ადამიანი მარტოა თავის სასრულ ყოფიერებასთან, სიცოცხლის ნაკლულობის მტანჯველ რეალობასთან პირისპირ. და რა არის აქ ბედნიერების მთავარი საწინდარი? ამ რეალობის მიღებაო, იტყვის მარკუს ავრელიუსი. სოკრატე სიმშვიდის მდგომარეობაში იყო, როცა სვამდა თავისი სიცოცხლის მომსპობ სასმელს, რომელიც მიუსაჯა მას თავისმა ხალხმა. მან მიიღო რეალობა, როგორიც იყო, ისეთი. მაგრამ, განსხვავებით ავრელიუსისგან, მას სჯეროდა სულის უკვდავების და ამ ცხოვრების შემდეგ - ბედნიერების. ფილოსოფოსი მეფე კი ვერ ხედავს საფუძველს, სწამდეს ინდივიდუალური სულის უკვდავება და ერთადერთ შესაძლო ბედნიერებად მტკივნეული რეალობის მიღებას სახავს. ავრელიუსისთვის არც სასიამოვნო გრძნობა ნიშნავს სიკეთეს, არამედ სიკეთეა ის, რაც გულგრილს ხდის ადამიანს გრძნობათა მიმართ, ეს არის ბუნების გონი - ლოგოსი.
  პარალელის გავლება არის შესაძლებელი ქრისტეს მოძღვრებასთანაც. იესო ამბობს: ,,რა ხეირია ადამიანისათვის, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს? ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ? (მარკოზის სახარება 8:36-37). ადამიანი არის არა მისი ქონება, არა მისი ცხოვრება, სახელი, თუ ნებისმიერი რამ, რაც კი გააჩნია მას, არამედ იგი არის თვითება, რომელიც თუ დაკარგა (ანუ თუ დაიკარგა თვითონ), არაფერი ხეირი მისთვის არაა, თუნდაც მსოფლიოს მბრძანებელი გახდეს. ბედნიერება არის ადამიანის ყოფნა საკუთარ თავში. გარკვეული ასკეტიზმი საერთო აქვთ ქრისტეს მოძღვრებასა და ავრელიუსის სტოიციზმს, თუმცა განსხვავებებიც უხვად მოიძებნება. ქრისტე ცოდვად და ბოროტებად მიიჩნევს სიამის მოყვარე სხეულის ვნებებს, რომლებმაც შეიძლება სამუდამოდ დაღუპონონ ადამიანი, ავრელიუსი კი მათ აშკარა ბოროტებად არ სახავს, მისთვის ბოროტება და უგუნურება მათში თავის დაკარგვაა.
მარკუს ავრელიუსის ,,ფიქრები", უმეტესად, ეთიკური და ანთროპოლოგიური ხასიათის წიგნია. ადამიანი ბუნების ნაწილია და ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ბუნების პრინციპები კარნახობენ მის გონებას. ავრელიუსის მიხედვით, ადამიანური გონება იმ ლოგოსთან არის თანაზიარი, რომელიც ბუნებას კანონზომიერს ხდის. კლდოვანი კონცხი მაშინ იქნება კაცი, თუ ის იქნება ბუნების ყველაზე ღრმა და უპირობო შრე - გონი, ლოგოსი.



გამოყენებული ლიტერატურა: 
მარკუს ავრელიუსის ,,ფიქრები“
მარკოზის სახარება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი